სპარტა – „ეპიზოდი”
ამბობენ, რომ საყოველთაოდ ცნობილ ქალაქ-სახელმწიფოს – სპარტას, გალავანიც კი არ ჰქონდა შემორტყმული, რადგან ადგილობრივ მეომრებს, რომლებიც ყოველთვის საომარ მზადყოფნაში იყვნენ, ნებისმიერი მტრის შემოტევის შეჩერება ძალუძდათო. (ავტორი გენია.ჯი) იყო სპარტელი – ეს ნიშნავს იყო მეომარი… ესე იგი, მას არა აქვს უფლება გახდეს ფილოსოფოსი, ხელოსანი, ვაჭარი, მიწათმოქმედი და ასე შემდეგ. მაქსიმუმი, რასაც ისინი თავიანთ პატარა მემკვიდრეებს ასწავლიდნენ საგანმანათლებო კუთხით, – კითხვა იყო და ისიც აუცილებელის წაკითხვას. სპარტელებს ბავშვობიდანვე უნერგავდნენ, რომ თავისუფალ დროს ფილოსოფიურ და საყოფაცხოვრებო საკითხებზე მსჯელობა ამაოდ დროის ხარჯვა იყო და არ შეიძლებოდა. მცირეოდენი დანაყრების შემდეგ სპარტელ ბავშვებს აღმზრდელები სხვადასხვაგვარ შეკითხვას უსვამდნენ. პასუხის გასაცემად მათ ძალიან მცირე დრო ჰქონდათ. თუ მოზარდი დასმულ შეკითხვაზე სწორ პასუხს ვერ გასცემდა, მასწავლებელს უფლება ჰქონდა იგი ეცემა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თვით მასწავლებლებსაც კი ჰყავდათ თავიანთი ზედამხედველები. თუკი ისინი მიიჩნევდნენ, რომ მასწავლებელმა ბავშვი ზედმეტად მკაცრად ან ზედმეტად ლმობიერად დასაჯა, სასჯელის სახით აღმზრდელიც მოსწავლეების მსგავსად, – ცემას იღებდა ზედამხედველისაგან.
სიბერეში ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვალება სპარტელ მამაკაცებში ძალიან დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. ასეთ ადამიანებს ყოველგვარი პატივის გარეშე მარხავდნენ უსახელო საფლავებში. იმისათვის, რომ სპარტელ მამაკაცს სიკვდილის შემდეგ ისეთ საფლავში განესვენა, რომლის ქვაზეც მისი სახელი იქნებოდა დატანილი, ბრძოლაში უნდა განეტია სული. გარდა ამისა, უსახელო საფლავებში იკრძალებოდა სპარტელი ქალების უმრავლესობაც. ერთადერთი გამონაკლისი ის იყო, თუ ქალი მშობიარობას გადაყვებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)