ათენის ისტორიიდან…
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, პელოპონესის ომი, რომელიც საბერძნეთში ჰეგემონიის მოსაპოვებლად იქნა გაჩაღებული ათენისა და სპარტის გარშემო დაჯგუფებულ პოლისთა შორის ძვ.წ.აღ-ით 431-404 წლებში, ათენის სასტიკი მარცხით დასრულდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ, რაც ათენი დანებდა, ამ უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე ქალაქს ჩამოერთვა არა მხოლოდ ფლოტი, არამედ ზღვისიქითა ტერიტორიებიც. პელოპონესის ომის დაწყებამდე ელადის უმთავრესი და უმდიდრესი ქალაქი ზღაპრულად ყვაოდა, თუმცა ომში განცდილმა საშინელმა მარცხმა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ქალაქს, დიდ გავლენასთან და ავტორიტეტთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც შემოაცალა. გავერანებულ-გაპარტახებულ და მოსახლეობისაგან დაცლილ ათენს გამარჯვებულებმა გალავანიც შემოაძრცვეს. ის კი არა და, პელოპონესის კავშირში შემავალი თებე და კორინთო, გამოვიდა წინადადებით – ჯერ გადაეწვათ, შემდგომ კი მიწასთან გაესწორებინათ ერთ დროს მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრი ქალაქი. მოკავშირეთა წინადადება, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, პელოპონესის კავშირის ლიდერმა ქალაქ-სახელმწიფომ და ათენის დაუძინებელმა კონკურენტმა – სპარტამ არ მიიღო. იმ სპარტამ, რომელსაც ათენთან მოპოვებულმა გამარჯვებამ საბერძნეთში სრული ჰეგემონია შესძინა. სპარტელებმა უარი იმ მოტივით განაცხადეს ათენის სრულ მოსრაზე, რომ თავის დროზე ელადის უმთავრესმა ქალაქმა დიდი როლი ითამაშა სპარსელებთან მიღწეულ გამარჯვებაში. გავიდა საუკუნეები… ათენში ხალხი დაბრუნდა… ცხოვრება კვლავაც ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, თუმცა მან ვეღარ დაიბრუნა ის სტატუსი, რომელიც პელოპონესის ომამდე ჰქონდა. – (ავტორი გენია.ჯი)