როი სოხუმელი – „უცხო მიწაზე, მზე და ღმერთი – გულით ვატარე”
უცხო მიწაზე, მზე და ღმერთი – გულით ვატარე,
როგორ ამოვთქვა… როგორ გითხრა(თ),
ხელებს
მიკრავენ,
რა ღირს სიცოცხლე – იმ ქალაქში, სადაც პატარებს,
აშიმშილებთ და…
ღმერთო ჩემო – თავსაც იკლავენ!
ჭირმაც წაიღოს ერის შფოთვა – ზეცის ჩეროდან,
ახლა ერთმანეთს დღე და ღამე
სადღაც
იპარავს,
და უპატრონოდ ამოსული – ჯვარცმის ღეროდან,
ღვთისმშობელივით -
ნატკენ სახეს, ვეღარ ვიფარავ…
გაშრეს აპრილი,
ყოველ ჯერზე, სადაც დაგტოვეს,
სადაც ყვავილებს – შენს საფლავზე
უხვად
დაყრიან,
საქარცეცხლეა – ყველა ლექსი, რაც კი ვათოვე,
შენი სიმწრით, რომ… ტკივილებად გამომაყრიან…
რა გვიანია,
სულ სხვა წერდეს – გლოვის ზარებზე,
მერე მოვიდეს… მოვიდეს და… დიდხანს იაროს…
სულში გაჩენილ თითო-თითო, ნაპრალ-ბზარებზე,
როგორც ლაზარემ – ისე უნდა გადავიარო…
ჰგავდეს წვიმები,
ღვთის ბაღებში – ლოცვის დაცვენას,
ჩემო ქვეყანავ, ჩემო მზეო – როგორ ავბედობ,
თუ არ გინახავთ საკუთარი ერის დაცემა,
ყველა მშიერი ბავშვის თვალებს
უნდა
ჩ ა ხ ე დ ო (თ)…