იაკობ გოგებაშვილი – „ეპიზოდი”
დიდ ქართველ მამულიშვილსა და პედაგოგს – იაკობ გოგებაშვილს (1840-1912 წლები) უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ქართულ სიტყვათა ამოუწურავ საგანძურში ეპოვნა სიტყვა, რომლითაც ქართველი პატარები „დედა-ენის” შესწავლას დაიწყებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ამ ამაგდარმა კაცმა ეს სიტყვა მთელი თორმეტი წლის განმავლობაში ეძია. ეძია და მოძებნა კიდეც – „აი, ია”. ამიტომაც არის ალბათ იის ნამით ჩვენი ქართული განედლებული.
ქართული საქმით დაკავებულს ჟანდარმები მოსვენებას არ აძლევდნენ. ერთხელ, როდესაც იაკობი ავად გახდა, ჟანდარმებმა მისი ბინა ურცხვად გადაჩხრიკეს, მაგრამ მიუხედავად დიდი მცდელობისა, კანონსაწინააღმდეგო მაინც ვერაფერი იპოვეს. ის კი არა და, იმდენად დიდი იყო მეფის რუსეთის განკარგულებაში მყოფი ჟანდარმერიის ინტერესი იაკობის მიმართ, რომ მისი ფულადი ანგარიშებიც შეამოწმეს. ავადმყოფობით გალახული და შეურაცხყოფილი დიდი ქართველი მამულიშვილი ასეთმა უდიერობამ და ძალადობამ იქამდე მიიყვანა, რომ საწოლიდან ადგა და ვერის ხიდიდან წყალში გადახტა. საბედნიეროდ, მისი გადარჩენა შემთხვევითმა მგზავრმა მოახერხა. როგორც შემდგომში გაირკვა, იაკობის გადამრჩენელი, სახელოვანი ქართველი პედაგოგისა და მწერლის – ნიკო ცხვედაძის ძმა იყო.
მას შემდეგ გოგებაშვილმა უარი თქვა არა მხოლოდ სამსახურეობრივ კარიერაზე, არამედ ზურგი აქცია სრულიად უბრალო პირად ბედნიერებასაც – ისე აღესრულა, ოჯახს არ მოკიდებია. მისი ოჯახი ამიერიდან საქართველო იყო, ხოლო შვილი – ქართველი ხალხის მომავალი!”. – (ავტორი გენია.ჯი)