როი სოხუმელი – „ვინ რას გაგიგებს”
ვინ რას გაგიგებს,
როცა რჩები ყველასგან მარტო,
როცა ფიქრებიც ყორნებივით აიშლებიან…
როდესაც გინდა, ოთახიდან სიჩუმე ფანტო,
აღებ ფანჯრებს და… რადგან გარეთ ქარიშხლებია -
გადაყრი შიშებს… ვერ დათმობილ სიცოცხლის ნაცვლად,
დარდს აყოლილი განწყობა რომ გადაგერია,
და გვიან ხვდები, ეძებდი და არ დაგხვდა არსად,
რადგან აქ სულ სხვა სუნთქვები და სხვა ჰაერია…
გაგეცლებიან, სადღაც თვალებს მწუხარედ ხუჭავ,
სადაც უღირსნი, შენს წინაშე გაშიშვლდებიან,
გათოშილ თითებს როცა სიმწრით იმტვრევ და მუჭავ,
როცა მართალნი გასაქცევად კარში დგებიან…
და უღალატებ სხვების ლოცვებს – ყველა პირობით,
მოგეღრუბლება ხასიათიც და თუ დაშორდი -
გადაგთელავენ… და შენივე გულახდილობით -
გამოიტირებ წლების ნარჩენს, სადაც ბავშვობდი…
ვინ რას გაგიგებს,
მაშინ, როცა წვიმებს აკვდები,
როცა ფიქრებიც ყორნებივით აიშლებიან…
როცა წუთი ხარ ცხოვრების და ისე მთავრდები -
როგორც უდაბნოს სეზონური ქარიშხლებია…