გუსტავ კურბეს შესახებ…
„მისი ბუნებრივი ძალა ყველა წარმოსახვით რეკორდს ხსნის, ეს ის არის, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაჰყვირის, სწორედ იგი სვავს ყველაზე მეტ კათხა ლუდს, მას მოაქვს ნადირობიდან ყველაზე მეტი ნანადირევი, და ეს არის ის, ვინც სულ რაღაც ორიოდე საათში ხატავს დიდებულ პეიზაჟს”. – ასე ლაკონურად დაახასიათა თავის დროზე ერთ-ერთმა კრიტიკოსმა გენიალური ფრანგი ფერმწერი და პეიზაჟისტი - ჟან დეზირე გუსტავ კურბე (1819-1877 წლები). (ავტორი გენია.ჯი) „არასოდეს გააკეთოთ ის, რასაც მე ვაკეთებ; არასოდეს გააკეთოთ ის, რასაც სხვა აკეთებს; იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გააკეთოთ ის, რასად ოდესღაც რაფაელი აკეთებდა. ასეთ შემთხვევაში თქვენ მსხვერპლად მიიტანდით საკუთარ ხელოვნებას, რაც რაღა თქმა უნდა, თვითმკვლელობის ტოლფასია. გააკეთეთ მხოლოდ ის, რასაც ხედავთ და რასაც გრძნობთ”. – ამ სიტყვებით მოძღვრავდა თავის 30 მოსწავლეს სახვით ხელოვნებაში ფრანგული რეალიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი – გუსტავ კურბე. თავის მხრივ კი, თავად ამ სიტყვების ავტორს, ბავშვობაში, მისმა აღმზრდელმა ბაბუამ (დედის მხრიდან) – ჟან ანტუან უდომ შთაუნერგა დევიზად: „შესძახე ხმამაღლა, წინ იარე, არ შეჩერდე”. მიუხედავად კარგი კალიგრაფიისა, ხელოვანი განათლების მიღებას არად დაგიდევდათ. მოგვიანებით ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როდესაც კურბე სხვათა დაცინვის ობიექტი გამხდარა ამა თუ იმ წერილში დაშვებული უხეში გრამატიკული შეცდომის გამო. თუმცა, ამას იგი არად დაგიდევდათ და ამბობდა, რომ – „წესები სუსტი ადამიანებისთვის არის დადგენილიო”. მხატვრის ბიოგრაფები იმასაც შენიშნავდნენ, რომ ხელოვანს წიგნები არ უყვარდა და ერთადერთს, რასაც კითხულობდა გაზეთები იყო, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მის შესახებ არსებობდა მასში სტატიაო. გუსტავი, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედების განმავლობაში მხოლოდ ერთი ტილო დახატა რელიგიურ თემაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვერ იტანდა პოეზიას (ამბობდა: „წერო ლექსები – უღირსობააო”), მეგობრობდა გენიალურ ფრანგ პოეტთან – შარლ ბოდლერთან. გროშის არ მქონი ბოდლერი კურბეს ხშირად სტუმდა და ხშირადვე ათენებდა ღამეებს მისი სახელოსნოს იატაკზე. ბოდლერის პორტრეტი, რომელიც კურბემ მოგვიანებით დახატა, ფრანგ პოეტს არ მოეწონა. არ მოეწონა იგი არც ავტორსაც. იგი ბოდლერის პორტრეტზე მუშაობის დროს წუხდა, რომ პოეტი „ძალიან ცუდი მოდელი” იყო. პატარა კონფლიქტი, რომელიც აღნიშნულმა პორტრეტმა წარმოშვა ორ მეგობარს შორის, კურბეს ერთმა ულამაზესმა ნატურმორტმა გააქარწყლა. ნატურმორტზე, რომელიც გუსტავმა შარლს აჩუქა, ავტორმა შემდეგი სახის წარწერა გააკეთა – „ჩემ დიდ მეგობარ ბოდლერს”.
კურბეს უყვარდა საზოგადოების მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად ახასიათებდა ამაყი და ამპარტავნული გამოსვლები. თუკი სხვა არ აქებდა მას, თავად იწყებდა საკუთარი თავის ქებას ხმამაღლა. უყვარდა ქალებიც… მის სურათებზე აღბეჭდილი მოდელი ქალების უმეტესობა დღისით სხვა ფუნქციას ასრულებდა, ღამით კი „სხვას”. თუმცა მათთან ურთიერთობებს მხატვარი მალევე წყვეტდა. ლუდის მოყვარულმა ერთხელ მიუნხენში გამართულ ოთხდღიან მარათონში მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა კიდეც. სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაში ბრალდებულ ხელოვანს ხატვა არც საკანში შეუწყვეტია. ხელისუფლებამ მხატვრის მთელ ქონებას, 206 გენიალურ ტილოსთან ერთად, კონფისკაცია ჩაუტარა. შვეიცარიაში იძულებით გადასახლებულმა კურბემ ალკოჰოლური სასმელების სმას მიჰყო ხელი. ამბობენ, რომ ლოთი თანამეინახეების წრეში მყოფი, დილიდან დაღამებამდე, ხშირად, – 12 ლიტრამდე ღვინოსაც კი სვავდაო. შვეიცარიული ტრადიციის მიხედვით, იმისათვის, რომ ღვინო არ მოკიდებოდათ, ალკოჰოლის გასანეიტრალებლად ისინი რძეს მიირთმევდნენ. ასევე იქცეოდა გუსტავიც.
ალკოჰოლური სასმელების მასიურმა მოხმარებამ იგი ციროზის საშინელ დაავადებამდე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, გუსტავი კვლავაც აქტიურად მოიხმარდა მას, რამაც კურბე 1877 წლის 31 დეკემბრის დილას – ფატალურ შედეგამდე მიიყვანა. – (ავტორი გენია.ჯი)