„სასაფლაო”

„ვინც ძველი ქართული სოფლის სასაფლაოზე გაივლის და დაათვალიერებს, ერთი გრძნობა უთუოდ გამოჰყვება: სიკვდილის გარდუვალ ძალას აქ ყველა და ყველაფერი გაუსწორებია, თითქოს ერთი ადლით დაუზომავს და ერთი საჭრეთლით გამოუკვეთია ყველა საფლავის ქვა; ერთნაირი, ერთი ზომის, ერთი ფერისა და ხარისხის ქვა დაუდვია ყველასთვის გულზე… მხოლოდ დროს შეუცვლია აქა-იქ ზოგი ლოდის ფერი, ყვითელი თუ ლურჯი ფერიმჭამელა მოსდებია ზოგიერთს, ან ხავსი შესცოცებია – წვიმიანში ქორფა და მოხასხასე, სიცხეში უსიცოცხლო და გამომშრალი.

აქა-იქ მცირე ზომის ქვებიც მოჩანს, მაგრამ ეს ხომ უასაკოთა საფლავის ქვებია. ეს კი ოდითვე დადგენილ ზომიერებას არ არღვევს, პირიქით, აქაც ჭირისუფალთა თუ კეთილ ქვისმთლელთა სათნოება გამოსჭვივის: მცირეწლოვანთ დიდი ლოდი არ ემძიმოთო.

აქ დაბალი და მაღალი, ღარიბი და მდიდარი ერთ თარაზოშია გამოყვანილი და გასწორებული.

არა, არ ჰგავს ეს მიწის მცირე მონაკვეთი დიდი ქალაქის ბუტაფორულ სასაფლაოს. აქ დაბეჯითებით იგრძნობა, რომ ეს სევდისმომგვრელი საუკუნო სამკვიდრო აუცილებელი ნაწილია დიდი, ცოცხალი და მფეთქავი მიწისა, სადაც კაცთა ძახილი და ჟრიამული გაისმის.

არა, არ ჰგავს ეს უბრალო ადგილი ქალაქის დიდ სასაფლაოს, სადაც ღარიბული რკინის მესერის გვერდით დიდებული ძეგლები, ქანდაკებები და ბიუსტებია აღმართული.

მშობლიური კლდიდან მოკვეთილი უბრალო ლოდი სოფლის სასაფლაოზე ყველას ერთნაირად ადევს გულზე: გუთნისდედად თუ ღამის მეხრეს, მხედარსა თუ მეტივეს, კალატოზსა თუ დურგალს…

აქ, ამ ქვეყნით წასულ ადამიანთა შორის ქონებრივი თუ პროფესიული განსხვავება ქვის ზედაპირზე მსხვილი ასოებით არის ამოკვეთილი, ქვა აქ აუცილებელი და საჭირო ცნობარია და არა დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ძეგლი. ვისაც ამქვეყნად სიკეთე უთესია და სახელი დაუგდია, მის საფლავს უბრალო ლოდიც დაამშვენებს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>