როი სოხუმელი – „შენ უნდა ჰგავდე გაზაფხულის ამოჩემებას”
შენ უნდა ჰგავდე გაზაფხულის ამოჩემებას,
უფრო მზედამთბარ ამინდებთან წვიმის სიცელქეს…
ზღვის ლურჯ სივრცეში ნარინჯისფერ ამოთენებას,
სულის მშვენებას, მინდვრის ყვავილს – ღიმილს იმჩნევდეს…
მთვარის ნათებას ღამის ფონზე – ლამაზს, მშვენიერს,
ჩემი გულიდან ამოსუნთქილ დილის ოცნებას…
ტაძრის სარკმელზე მზის სხივების თამაშს, ბედნიერს,
უკვდავი ხიბლით ნადედოფლებ გასაოცრებას…
ატმის ყვავილებს, აპრილიდან ჩუმად დაკოცნილს,
ფანჯრის რაფაზე ნაწკაპუნებ წვეთების თრთოლვას…
სავსე ფიალას – ერთგულების რწმენით გამოცლილს,
ზამთრის წიაღში გულიანს და ფერსავსე თოვას…
პაემნის განცდით დამორცხვებულ, საყვარელ თვალებს,
ძველ ნაწერებში საგანძურად დარჩენილ სტროფებს…
უსასრულობით შემოვსებულ – ნაფერებ წამებს,
შემოდგომისას ჭალებიდან აფრენილ ხოხბებს…
საღამოს ნიავს, გამოყოლილ სონეტის ნოტებს,
სმენიდან ხილვის არეალში ნამდიდრებ წუთებს…
თებერვლის სუსხში ამოხეთქილ პატარა ყლორტებს,
უფლის წყალობას, ამ სამყაროს ღამეს რომ უთევს…
შენ უნდა ჰგავდე უთენია წარმოთქმულ ლოცვას,
სიცოცხლის მხატვარს, საოცნებო ფერების შერწყმას…
შენ უნდა ჰგავდე სიცივეში გულდამთბარ მოცდას -
სულ რომ მეთქმოდეს, დედოფალი – ხომ ხედავთ? – მეც მყავს…