ვერცხლის შესახებ…
ვერცხლის მოპოვება, მისი დამუშავება და მოხმარება ადამიანმა ისტორიის უძველესი ეპოქებიდან დაიწყო. მაგალითად, სარდინიაში ვერცხლის მოპოვება და გადამუშავება ჯერ კიდევ ადრეული ნეოლითის ხანაში დაუწყიათ ადამიანებს. მისი ლათინური სახელწოდებაა – Argentum, რაც თარგმანით – „თეთრს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) სხვათა შორის, ერთ-ერთმა სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ – არგენტინამ, თავისი სახელწოდება სწორედ რომ აღნიშნული მეტალის ლათინიზირებული სახელწოდებიდან მიიღო. ვერცხლი ადამიანის მიერ აღმოჩენილი იქნა რკინისა და ოქროს აღმოჩენის შემდეგ. ამ უმშვენიერესი ბუნებრივი ლითონით განსაკუთრებით მდიდარი აღმოჩნდა ქალდეელთა მეფეების სამარხები. სამაგიეროდ, ვერცხლის ნაკეთობები იშვიათად გვხვდებოდა ეგვიპტურ პირამიდებში განთავსებულ ფარაონების განსასვენებლებში. ისრაელის სამეფოში საყოველთაოდ ცნობილი პერსონის – სოლომონ მეფის მმართველობის ხანაში, იმდენად ბევრი რაოდენობით ყოფილა ვერცხლი დავანებული, რომ მას ფასეულ ნივთად არც კი მიიჩნევდნენ. ვერცხლის ლითონის ნაკლებობას არც ფინიკიელები განიცდიდნენ. რამდენიმე ისტორიული წყარო იმასაც კი გვამცნობს, რომ ვერცხლის მოპოვებით გამდიდრებული ფინიკიელები გემის ღუზებს რკინის ნაცვლად ვერცხლისაგან ამზადებდნენო. გარდა ამისა, ისინი წყალსა და ღვინოს ვერცხლისაგან დამზადებულ ჭურჭელში ინახავდნენ ძირითადად. ბაბილონელები და ასურელები ვერცხლს მთვარის სიმბოლოდ აღიქვამდნენ, რის გამოც იგი „წმინდა ლითონად” იყო მიჩნეული.
როგორც ცნობილია, ეს ძვირფასი ლითონი შესანიშნავი ანტიმიკრობული და ბაქტერიციდული თვისებებით არის გამორჩეული, რის გამოც მას უძველესი ეპოქებიდანვე გამოიყენებენ სამკურნალოდ. ცნობილია ისიც, რომ „მედიცინის მამად” წოდებული დიდი ძველ ბერძენი ექიმი და ანტიკური ხანის მედიცინის რეფორმატორი – ჰიპოკრატე, ვერცხლს რიგი ავადმყოფობების განსაკურნებლად გამოიყენებდა. მაგალითად, ჭრილობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, მას ძველ საბერძნეთსა და „მარადიულ ქალაქ” რომში ინფექციის თავიდან ასაცილებლადაც მოიხმარდნენ მედიკოსები. ინდოეთში კი უძველესი პერიოდიდავე დარწმუნებული იყვნენ ვერცხლის სამკურნალო თვისებებში.
ძვ.წ.აღ-ით 700 წელი ის თარიღია, როდესაც ვერცხლის ძვირფასი ლითონი პირველად იქნა გამოყენებული, როგორც გადახდის საშუალება (მას შემდეგ ვერცხლმა ბევრი ადამიანი დაღუპა – „იუდას 30 ვერცხლი”). შუასაუკუნეების ევროპაში კი იგი ოქროზე ძვირფას მეტალადაც განიხილებოდა და ოქროზე ძვირადაც ფასობდა. ვერცხლით დაინტერესებას იმ პერიოდის ევროპაში განსაკუთრებით ალქიმიკოსები გამოხატავდნენ. მოგვიანებით მისი გამოყენება ოსტატებმა სხვადასხვა სახეობის ჭურჭლის დასამზადებლადაც დაიწყეს. თანამედროვე პერიოდის ტექნოლოგიის განვითარება კი ყოვლად წარმოუდგენელია ვერცხლის ლითონის გარეშე. – (ავტორი გენია.ჯი)