როი სოხუმელი – „არ დაინანო”

არ დაინანო,

თუ ოდესმე დარჩი ჩემსავით,

თუ კი ოდესმე მიგატოვა ყველამ – გულჩვილი,

არ შეისუნთქო ღამე, როგორც ცოდვილ დღესავით,

მიტოვებები შეუნდე და მორჩი, ნუ ჩივი…

მწუხრის დასაბამს მოწყალება ცამდე გაეცი,

ცას იქეთ უფალს შეაგებე შენი სიმართლე…

თუ დაიღალე… და თუ ბევრჯერ მწარედ დაეცი -

ეჰ, სულო ჩემო, შენ ცა ხარ და ჩემი სიმაღლე.

რადგან ხალხი ქმნის უზნეობის დღესასწაულებს,

უკვე მოძღვრებიც განიკითხავს – ბრმებმა ამხილეს,

არ მოუსმინო სხვების შექმნის ცრუ სასწაულებს,

თუ კი თვალები დახუჭეს და ვერ გაახილეს…

თუ კი ჩვენს იქეთ,

სადღაც ღელავს ზღვა და… ნისლიანს -

ეზიარება სული, როგორც ტყვე და დასჯილი,

დაგიწუნებენ საკუთარ სახლს – ბებერს, ისლიანს,

კოშკებიდან რომ განისაზღვრეს დრო და მანძილი.

რაა სიშორე,

თუ სიცოცხლეს გრძნობ და შენშია,

როგორც მომავლის უსასრულო ხმა და წადილი,

ღამეს ცრემლები დილის ცვართან ბევრჯერ შეშლია,

მაგრამ არასდროს დაუკარგავს მისი ადგილი.

არ დაითრგუნო,

თუ გაგწირეს – „მათზე ცოდვილი”,

თუ კი… სიცოცხლე გაზღვევინეს, ბოლო ცრემლამდე,

ცაა სიმაღლე – ჩვენს სულში და… არ დათმობილი,

შენდობა ვთქვათ, რომ მიეტევოთ ცამდე, ღმერთამდე…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>