ეპიზოდი ლეიდენის ალყიდან…

აჯანყების ჩახშობის მიზნით, 1574 წლის 26 მაისს ნიდერლანდების სულით ხორცამდე პროტესტანტული ქალაქი – ლეიდენი ესპანეთის არმიამ ალყაში მოაქცია. ქალაქი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის სამყოფი სურსათ-სანოვაგე გააჩნდა, ხანგრძლივი ალყის შედეგად ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) ალყაში მოქცეული გმირი მოქალაქეების მდგომარეობა კი გახანგრძლივებული ალყის გამო დღითი დღე კიდევ უფრო მძიმდებოდა. ხობლის უკანასკნელი მარაგის ამოწურვის შედეგად, ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში ლეიდენელებს პური საერთოდ არ უჭამიათ. იმისათვის რომ, თავიანთი სიცოცხლის გახანგრძლივებით მშობლიური ქალაქი დაეცვათ ესპანელი დამპყრობლებისაგან, უკიდურეს განსაცდელში ჩავარდნილი მოსახლეობა იძულებული გახდა ძაღლებით, კატებითა და ვირთხებით დაეწყო კვება. მალე ქალაქში მათი სინსილა საერთოდ გაწყდა. ამას თან დაერთო ლეიდენში გავრცელებული ეპიდემია. მიუხედავად ამისა, დღე დღეს მისდევდა, ლეიდენელები კი მაინც არ ნებდებოდნენ.

ალყის ერთ დღეს, მაღალი გორაკიდან ერთ-ერთმა ესპანელმა ჯარისკაცმა, ქალაქში მყოფთ მოალყეთა სახელით, ცინიზმით აღსავსე სიტყვით მიმართა:

„თავს ტყუილად რისთვის იხოცავთ, უგუნურებო? დაგვნებდით და ყველას მოგიგდებთ თითო ნატეხ პურს. გესმით თუ არა? ახლა რაღას იზამთ, ძაღლისა და ვირთხის სინსილაც რომ გაგიწყვეტიათ ამ აშმორებულ ქალაქში!”

რამდენიმე ხანში ქალაქის გალავნის ქონგურიდან ლეიდენელებმა ესპანელებს ძალიან ღირსეული პასუხი გასცეს:

„თქვენ, მომხვდურო მხეცებო, საკუთარი სახლ-კარის დამცველ ადამიანებს ძაღლისა და ვირთხის ხორცის მჭამელებს გვეძახით. დიახ, ეს მართალია, არ უარვყოფთ. ვიდრე ქალაქში მაინც ისმის ძაღლის ყეფა და კატის კნავილი, იცოდეთ, ჩვენ ისევ ფეხზე ვდგავართ და ვაი დედათქვენის ღმერთს, თუ სადმე მოგიხელთეთ! მაგრამ როცა ჩვენს გარდა ქალაქში ყველაფერი ცოცხალი დაიღუპება, გწამდეთ, რომ თითოეული ჩვენგანი მოიჭამს თავის მარცხენა ხელს, რათა მარჯვენაში ძალა მოიცეს და გულში სასიკვდილო ლახვარი გაგიტაროთ!”

საბედნიეროდ, ვილჰელმ ორანელის მიერ წარგზავნილმა ლაშქარმა სულზე მოისწრო „მომაკვდავ, გმირ ქალაქს”. ლეიდენი გადარჩა. და არა მხოლოდ გადარჩა, არამედ იგი იქცა ნიდერლანდების ესპანელი დამპყობლებისაგან გამოხსნის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოდაც. რამდენიმე ხანში ლეიდენს თვით ვილჰელმ ორანელი ეწვია, რა დროსაც მან ადგილობრივ მოსახლეობას გმირული თავდადებისათვის გულმხურვალე მადლობა გადაუხადა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>