ფერნანდო ბოტერო – „ეპიზოდი”
თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი (კოლუმბიელი) მხატვარი და სკულპტორი – ფერნანდო ბოტერო იმ იშვიათ ხელოვანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის დიდებული ქმნილებებითაც არის დამშვენებული პარიზის გულში განთავსებული ელისეის მინდვრები, ნიუ-იორკის გრანდ-ავენიუ, ბარსელონაში – რამბა დელ რავალის მოედანი, ლისაბონის სავაჭრო ცენტრი, ფლორენციაში არსებული სინიორიის მოედანი და სხვა სახელგანთქმული ქალაქების ქუჩები თუ მოედნები. (ავტორი გენია.ჯი) გარდა სახვითი ხელოვნებისა, ერთობ ორიგინალური სტილის მქონე ხელოვანი დიდი ხნის განმავლობაში თავისი კოლეგების ნამუშევრების შეგროვებითაც იყო დაკავებული. შედეგად მან პირად კოლექციაში უამრავ დიდებულ ქმნილებას მოუყარა თავი, რომელიც მოგვიანებით თავის სამშობლოს უსახსოვრა უანგაროდ. ამასთან ერთად, ბოტერომ კოლუმბიას მის მიერ შესრულებული 400 სურათიც გადასცა, რითაც საფუძველი ჩაუყარა კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მისივე სახელობის მუზეუმის დაარსებას.
ფერნანდო დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ ადრეული აღორძინების ხანის გენიალური იტალიელი მხატვრისა და თეორიტიკოსის – პიერო დელა ფრანჩესკას შემოქმედებისა. იგი ხშირად შენიშნავს ხოლმე, რომ ერთადერთი ტილო, რომლის მფლობელობასაც ის ისურვებდა, სწორედ რომ ტოსკანელი გენიოსის ქმნილება – „ქრისტეს ნათლისღებაა”, რომელიც თავის მხრივ, დღესდღეობით, ლონდონის ეროვნულ გალერეაშია დაცული. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ბოტეროს ერთხელ ჰკითხა კიდეც, თუ რაზე იყო იგი წამსვლელი იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული სურათი ხელში ჩაეგდო, რაზეც ჟურნალისტმა რესპოდენტისაგან ერთობ მოკლე პასუხი მიიღო: „მოპარვაზეც კი!” – (ავტორი გენია.ჯი)
„ქრისტეს ნათლისღება” – (პიერო დელა ფრანჩესკა)