როი სოხუმელი – „როდესაც ხვდები, დასასრული არ უჩანს წასვლებს”

როდესაც ხვდები, დასასრული არ უჩანს წასვლებს,

და ცოფიანი ძაღლივით ჰყეფს ქუჩაში ქარიც…

თუ ისევ იკრავ – მტკივნეულად მოშვებულ თასმებს,

მოკაკუნებულ კარებსაც თუ შენიშნე ბზარი -

გაშორდი, გაქრი, შეიცვალე ნატკეპნი გზები,

გაუსულერთდი ფიქრებს სულში არეულს, მჭრელად…

რომ ცრემლის წვეთში ჩატეული ტკივილი – სხვების,

ვერ დაინანე თვალებიდან გადმოსაღვრელად…

შემოაკვდები, რადგან მერე საკუთარ ნერვებს

რომ აიჩემებ ათეისტის პირფერულ ლოცვას,

და სიმარტოვეც ამინდივით გაგიმხელს ჩვევებს,

როცა მორჩები სულის ფსკერზე უღმერთოდ ცოცვას…

რადგან აჭრილი, თარიღებს ცვლი წვიმით და თქეშით,

და ემსგავსები შენც სხვებივით მოლაყბე ანცებს,

მოირგებ ნიღბებს, მოირგებ და ცხოვრების შეშლით -

ჩამოუჯდები დასალევად ღიპიან კაცებს…

რომ დარწმუნდები, დასასრული არ უჩანს წასვლებს,

როცა შემოგყეფს ცოფიანი ძაღლივით ქარი,

ფეხზე კი არა, ყელზე მძლავრად მოიჭერ თასმებს,

და დაასრულებ უაზრობას – უგონოდ მთვრალი…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>