„იქნებ…”
„იქნებ შორეულ წარსულში ჩვენ ხალხს მეტი ეროვნული თვითშეგნება რომ გამოეჩინა, შეკავშირების დიდი სურვილი და ნაკლები მისწრაფება განდგომისაკენ, მტრებს ასე იოლად არ დაენგრიათ მათი ძლევამოსილი სახელმწიფო? რატომ ვერ მოახერხეს გაერთიანება, ფენიქსებრ აღორძინება, ნუთუ მხოლოდ გარეშე მტრების ბრალი იყო ეს? იქნებ ობიექტურ ისტორიულ ვითარებათა გარდა, ამის წმინდა სუბიექტური მიზეზებიც არსებობს, ხასიათის სპეციფიკური, შინაგანი თვისებები? ვახუშტის თუ დავუჯერებთ, ქართველები იყვნენ „სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელისა მაძიებელნი ესრეთ რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანას და მეფესა თვისსა…” ალბათ, ამიტომაც ვერ ვახერხებდით მამულის ცნების ქვეშ დარაზმვას და გაერთიანებას. ამიტომაც ვერ ვამჩნევდით მტერსა და მოყვარეს და ხშირად იმ კერპებს ვეთაყვანებოდით, რომელიც უნდა გვეგმო. ჩვენი ერის ღირსეულ შვილებს კი შორიდან, გულგრილად შევცქეროდით, ყოველგვარი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გარეშე, თითქოს ის მოღვაწეობა, რომელსაც ეს ერთეულები აწარმოებდნენ, დანარჩენებს არ ეხებოდა, მთელი ერის კეთილდღეობას არ ემსახურებოდა. ერთეულები კი საქმეს ვერ შველიან, თუ ეროვნული თვითშეგნება მასას არა აქვს გამჯდარი სისხლში და ხორცში…”