როი სოხუმელი – „ნუ გეშინია”
ნუ გეშინია,
გადაივლის ცივი ქარებიც,
ახლა შენს გვერდით, ჩემთან ერთად
ყველა
მთვრალია,
იქნებ, არ ღირდეს, მაგრამ მაინც მივემგზავრები,
გიტოვებ ნუგეშს, რომ სიცოცხლეც ჩემი ბრალია.
გითმობ ღიმილებს,
გავუმრთელე ტაძრებს ბზარები,
მიმაქვს წვიმები ტკივილების აღსასრულამდე,
შენს სამყაროში ახლა ისე დავიარები,
როგორც თაბერვალს სული უმძიმს გაზაფხულამდე.
ღმერთის ხელებით გული დამაქვს, რადგან თვალებში,
ზეცის შემყურე მწუხარებაც გადაშლილია,
მთელი არსებით, რწმენას ვეძებ – ნასახლარებში,
იქ, სადაც გტკივა, შენთან ვარ და… ნუ გეშინია…
ნუ გეშინია,
თუ სინანულს შეცვლი ცრემლებით,
და გაწვიმდება ისე, თითქოს, ღმერთი ტიროდეს,
მიმაქვს დღეები,
სადაც ერთად ვეღარ ვჩერდებით,
რომ ეს შეშლილი ამინდებიც აღარ მინდოდეს…
სად არ გავყევი შემოძარცვულ ფიქრებს – მარხვამდე,
და რაც მიყვარდა, უსაფუძვლოდ წლებმა არია…
ვერ მოვითმინე დასასრული და შენს ნახვამდე -
მართლა არ ვიცი, რისი მწამს და რა მიხარია.
ღამე გაათევს სიცოცხლეებს მწუხრის თარეშში,
დარჩეს ლოცვები, თუ სიმშვიდე არც სხვას ებადა,
გამოიწურა ზღვამ სილურჯე და შენს თვალებში,
რძისფერი დილა უცნაურად გააფერადა….