არისტოტელეს შესახებ…
პლატონის მიერ ათენში დაარსებული აკადემია, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა გენიალური ძველ ბერძენი ფილოსოფოსის – არისტოტელეს ძველი მეგობარი – ქსენოკრატე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში რჩებოდა ფილოსოფიური აზროვნების ერთ-ერთ უმთავრეს ცენტრად ელადაში. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრე მაკედონელის უშუალო თანხმობითა და გულუხვი სამეფო ფინანსური შემოწირულობებით, ძვ.წ.აღ-ით 335 წელს ლეიკეიონში აპოლონის ტაძრის სიახლოვეს (იქ, სადაც ოდესღაც ასწავლიდა სოკრატე) არისტოტელემ დააფუძნა პლატონის აკადემიის საპირწონე ფილოსოფიური სკოლა (ლიცეუმი), რომელსაც შემდგომში – „პერიპათეტიკოსთა სკოლა” ეწოდა.
არისტოტელემ საკმაოდ დიდი თანხა გაიღო იმისათვის, რომ მის მიერ დაარსებული ფილოსოფიური სკოლა გუმბათის მქონე დიდებული არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ მოთავსებულიყო. პერიპათეტიკები, ანუ ლიცეუმის სტუდენტები, რომლებსაც „მოსეირნეებად” მოიხსენიებდნენ, სასწავლებელში ფილოსოფიას, ხელოვნებას, მათემატიკასა და პოლიტიკურ მეცნიერებებს შეისწავლიდნენ. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ისინი არისტოტელეს აკადემიაში სწავლობდნენ ყველაფერ იმას, რაც მათ ინტერესს იწვევდა გარშემო სამყაროში. პერგამენტები, რომლებზედაც ლიცეუმის სტუდენტები დიდი გულისხმიერებით აკონსპექტირებდნენ თავიანთ ფილოსოფიურ და მეცნიერულ კვლევებს, რამდენიმე ხანში პაპირუსების უზარმაზარ კოლექციად იქცა. შედეგად, არისტოტელეს „პერიპათეტიკოსთა სკოლა” იქცა არა მხოლოდ პირველ დიდ ბიბლიოთეკად მსოფლიოში, არამედ მოდელად ისეთი სახელგანთქმული ბიბლიოთეკებისაც, როგორებიც გახლდნენ – ალექსანდრიისა და პერგამის ბიბლიოთეკები. გენიალურმა ძველ ბერძენმა სწავლულმა ლიცეუმი მალევე აქცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრად. (ავტორი გენია.ჯი) იმ ცენტრად, სადაც არისტოტელე ადგენდა რუკებს და ქმნიდა სხვადასხვა სამეცნიერო ხელსაწყოებს.
ის 30 წელიწადი, რა პერიოდიც დაჰყო არისტოტელემ ათენში, ყველაზე ნაყოფიერი წლები იყო მის ცხოვრებაში. სწორედ ელადის გულში შექმნა მან კოლოსალური რაოდენობის ნაშრომები ამა თუ იმ სამეცნიერო თემატიკაზე. მეცნიერ-ენციკლოპედისტი ლიცეუმის გახსნიდან სულ რაღაც ერთიოდე წელიწადში დაქვრივდა. რამდენიმე ხანში არისტოტელემ კვლავაც იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული მისთვისვე საჩუქრად მიძღვნილი მონა-ქალი, სახელად – ერპილიდა გახდა.
მას შემდეგ, რაც ძვ.წ.აღ-ით 323 წელს მოულოდნელად აღესრულა ალექსანდრე მაკედონელი, მფარველი და მეგობარი არისტოტელესი, ათენელების დამოკიდებულება მაკედონელთა დინასტიის მიმართ ერთობ საძულველი გახდა. შესაბამისად, დამძიმდა არისტოტელეს მდგომარეობაც, რომელსაც ათენმა ბრალი დასდო ადგილობრივი ღმერთების უპატივცემულობაში. ძველ ბერძენი სწავლული გასამართლებას არ დაელოდა. მან დატოვა ათენი და კუნძულ ევბეაზე განთავსებულ ქალაქ – ქალკისში გადასახლდა, სადაც ჰპოვა კიდეც ძვ.წ.აღ-ით 322 წელს თავისი აღსასრული.
მოგვიანებით, არისტოტელეს ნეშტი მის მშობლიურ ქალაქ სტაგირში გადაასვენეს. ამ უძველესი მაკედონიური ქალაქის მაცხოვრებლებმა სახელოვანი თანამოქალაქე დიდი პატივით მიაბარეს მიწას. ერთ-ერთ თვეს კი მისი სახელის უკვდასაყოფად – „არისტოტელე” უწოდეს.
დიდი ძველ ბერძენი სწავლულის მიერ დაარსებულმა სკოლამ არა მხოლოდ განაგრძო ფუნქციონირება, არამედ იგი დროთა განმავლობაში იქცა ცოდნის, განათლებისა და მეცნიერების შუქურად იმ პერიოდის მსოფლიოში. არისტოტელეს ლიცეუმი ელინისტური კულტურის დაცემასთან ერთად „დაეცა”. – (ავტორი გენია.ჯი)