ფილიპ IV ლამაზის შესახებ…
კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელმა საფრანგეთის სამეფო ტახტზე – ფილიპ IV ლამაზმა (1268-1314 წლები) სახელი უმეტესწილად იმით გაითქვა, რომ იგი გახდა მესაფლავე ისეთი გავლენიანი სამხედრო-რელიგიური ორგანიზაციისა, როგორიც იყო – „ტამპლიერთა ორდენი”. გარდა ზემოაღნიშნული ორდენისა, ფრანგი მონარქის პირადი ბრძანების საფუძველზევე იქნა აუტოდაფეზე აყვანილი და ცოცხლად კოცონზე დამწვარი ტამპლიერთა უკანასკნელი დიდი მაგისტრი – ჟაკ დე მოლი. ის ჟაკ დე მოლი, რომელმაც თავისი საშინელი აღსასრულის წინ „ლამაზად” წოდებულ მეფეს, მის მრჩეველს – გიიომ დე ნოგარასა და რომის პაპს – კლიმენტ V-ს ღვთის სამსჯავროზე უხმო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ფილიპ IV ლამაზის სახელთან ასოცირდება კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაც. მაგრამ, რადგანაც ეს პროცესი უსისხლოდ იქნა წარმართული, მის მიმართ ისტორიკოსებს დიდი ყურადღება არ გაუმახვილებიათ. საქმე ეხება შამპანის გრაფების მიერ შამპანის ისტორიული საგრაფოს ტერიტორიაზე მოწყობილ ბაზრობათა უნიკალურ სისტემას.
XII საუკუნეში ამ ღვინისმწარმოებელ რეგიონში შამპანის გრაფებმა მასიურად დაიწყეს ბაზრობების მოწყობა. იმ ვაჭრებს კი, რომლებიც მათ გზებზე მოწყობილ ბაზრობებზე შეიტანდნენ სავაჭრო საქონელს, აძლევდნენ სპეციალურ ბარათებს სრული ხელშეუხებლობის გარანტიით. შამპანის რეგიონში რომ ვაჭრობას ფართოდ მოეკიდა ფეხი, საგრაფოს მმართველებმა პირველ რიგში ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს. მოწყობილი იქნა ბაზრობისათვის აუცილებელი უზარმაზარი მოედნები, ააგეს უამრავი სასტუმრო და უამრავი საწყობი. ვაჭრებსა და ბაზრობებს შამპანის გრაფის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი იცავდა. ცნობილია ისიც, რომ ამ ეკონომიკურად აყვავებული რეგიონის ხელისუფლებებმა დროთა განმავლობაში იძულებული გახადეს არა მხოლოდ მეზობელი რეგიონების მმართველები, არამედ თვით საფრანგეთის მეფეც კი – დაეცვათ შამპანის ტერიტორიაზე მიმავალი ვაჭრების უსაფრთხოება. შედეგად, შამპანის ისტორიული რეგიონი იქცა ერთგვარ მსოფლიო სავაჭრო ცენტრად. თუმცა XIII საუკუნის დასასრულს, შამპანის უკანასკნელმა გრაფმა – ანრი I ნავარელმა ისე განუტევა სული, რომ ვაჟი მემკვიდრე არ დარჩენია. ამით შესანიშნავად ისარგებლა ფილიპ IV ლამაზმა, რომელიც დაქორწინებული გახლდათ ანრის ქალიშვილზე, შამპანის გრაფინიაზე – ჟანა I ნავარელზე. შამპანის ტერიტორიაზე მოწყობილ ბაზრობათა უნიკალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა ფილიპმა ჯერ იმით დაიწყო, რომ მან დააპატიმრა შამპანის გზაზე მდგომი ფლანდრიელი ვაჭრების ქარავნები. ამის შემდგომ ვაჭრებს დაუწესა ძალიან მაღალი გადასახადები და რიგი აკრძალვებისა. შედეგად, უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში შამპანის ბაზრობებიდან შემოსული თანხები ბიუჯეტში ხუთჯერ იქნა შემცირებული, ხოლო ვაჭრებმა ზურგი აქციეს ერთ დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრად ქცეულ რეგიონს და სხვა რეგიონებს მიაშურეს სავაჭროდ. – (ავტორი გენია.ჯი)
შამპანის გრაფების გერბი