როი სოხუმელი – „ირგვლივ მოფანტე სიკეთე და გზა გააგრძელე”
ირგვლივ მოფანტე სიკეთე და გზა გააგრძელე,
არავინ იცის რას გიმზადებს ხვალე განგება…
დამოკლებული ოცნებებიც გადააგრძელე,
აღარ დანებდე… დრო მოვა და გამოგადგება…
თუ არ მთვარდება – შეისახლე სხვების ტკივილი,
მწუხარში უფრო მოუსურვე წლები დღიანი…
რადგან ცოდვილის სახეზეა სულ სხვა ღიმილი -
ამიტომ გქვია, ამიტომაც… ადამიანი…
შეხედე, გულით, თვალებმა რომ იგრძნოს სიწმინდე,
შეიგრძნე… სულს რომ დაუბრუნო შენი გაჩენა…
სადაც ტირიან – სანუგეშოდ უნდა მიხვიდე,
შემოღამებულს არწმუნებდე – სჯობსო დარჩენა…
შეუნდე ყველას, აპატიე… მიეცი ხელი,
უთხარი: გიყვარს… მოეფერე, თუნდაც გაოცდეს…
რადგანაც ერთხელ ვიბადებით ჩვენი მთხრობელი -
საუკუნეა… მხოლოდ კარგი უნდა გადმოსცდეს…
მიჰყევი შენს გზას, დაიმკვიდრე ნაბიჯი მტკიცე,
გაეცი სითბო… ეძიებდე შემხვედრში უფალს…
თუ კი მშიერი დაინახე, შენიც რომ მისცე -
არ დაგენანოს… ღმერთი მოგცემს შენ… თავისუფალს -
უერთგულე და შემოითბე მის გულში სახლი,
დათესე რაც კი სიკეთე გაქვს – ალალად, უხვად…
უკვე ყვავილობს ის შენში და ჟამი გაქვს ახლის,
წარმოგედგინა ყველაფერი რატომღაც სულ სხვად…
ირგვლივ მოფანტავ სიყვარულს და გზას გააგრძელებ,
სულით შეიგრძნობ, რა ტკბილია წლები – მზიანი…
ნამცეცად ქცეულ ოცნებებსაც გადააგრძელებ,
რადგანაც შენ ხარ, სწორედაც შენ… ადამიანი!!