როი სოხუმელი – „არ დაიჯერო”
არ დაიჯერო,
უჩემობით – ისევ ატირდე,
რომ შენს თვალებში გამომწყვდეულ ტკივილს ვიტოვებ,
რომ შეიძლება, ამინდებიც გაგვიმარტივდეს -
თავზე დამხობილ თარიღებს რომ გამოვიგლოვებ.
ეს შემოდგომაც -
ხელაღებით, მაინც შევიქეთ,
დუმდნენ ტაძრებიც, სადაც უცხო ღიმილს ვხატავდი,
მივაცილებდი საკუთარ თავს გუშინ – შენს იქეთ,
და მწუხარებით ვერ ამოთქმულ სიტყვებს ვტანჯავდი.
აჰა, გაგიღე -
ჩემი სულის ასი კარები,
რომ შენს მკლავებშიც – გაყინული სისხლი ვარწიო,
რა სიცოცხლე ხარ, რა სიმშვიდე, რადგან თვალებით -
ყველგან დაგეძებ… მომლოდინემ, რომ მოვაღწიო.
ჩამოვიტოვე ამღვრეული ფიქრის დანართი,
შენი
თითებით
პირჯვარს
ვიწერ,
სადაც
მარტო ვარ…
რომ ჩემს სიცოცხლეს უსასრულოდ – ისე დააჩნდი,
როგორც მზის სითბო, სიცივისგან მტირალ მათხოვარს.
არ დაიჯერო,
ის დღე დადგეს, როცა თვალებში,
გაგიწვიმდება ჩემი გულის ღმერთზე ხარება,
რომ შენს პირისპირ წლებს ვტოვებდი ნასახლარებში,
და სულში მყავდი – საუკუნო გამოდარება….