ლუი XVIII დე ბურბონის მოკლე დახასიათება…
ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხების შემდეგ – 1814 წლის 6 აპრილს, საფრანგეთის სამეფო ტახტზე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი – ლუი XVIII დე ბურბონი (1755-1824 წლები) ავიდა. (ავტორი გენია.ჯი) ახალგაზრდულ წლებში იგი ერთობ თავისუფალი ცხოვრების წესს მისდევდა. პრაქტიკულად, მთელ თავისუფალ დროს ბალ-მასკარადებზე, თეატრებსა და ბანქოს აზარტულ თამაშებში ატარებდა. იყო გურმანი და უყვარდა გემრიელი, მადიანი დანაყრება. ამიტომაც გამოირჩეოდა ფრანგი პრინცი სიყმაწვილიდანვე სიმსუქნით. თუმცა, თავად, საფრანგეთის მომავალი მეფე (ჯერ კიდევ პროვანსის გრაფი) მის ზედმეტ წონას უმნიშვნელო წვრილმანად მიიჩნევდა. არ უყვარდა პოლიტიკა. მაგრამ აქტიურად იყო დაკავებული ფინანსური სპეკულაციებით. იგი ამყარებდა კავშირებს ზღვისიქითა ტერიტორიებზე მაცხოვრებელ პარტნიორებთან. დაკავებული იყო მანუფაქტურით; სპეკულირებდა საადგილმამულე მიწის ნაკვეთებით. მოკლედ რომ ვთქვათ, სანამ ლუი სამეფო ტახტზე ავიდოდა, ჩვეულებრივი ბურჟუის ცხოვრებით სულდგმულობდა.
ინგლისში დევნილობის ჟამს მსოფლიოს თავს იმით ახსენებდა, რომ აქვეყნებდა სხვადასხვა მანიფესტებს თავისი ნაშრომებიდან. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პროვანსის გრაფი ლუი-სტანისლას ქსავიე – ლუი XVIII დე ბურბონის სახელით ავიდა საფრანგეთის სამეფო ტახტზე. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ახლადკორონიზირებულმა მეფემ სამეფო ტახტზე ასვლა შემდეგი დევიზით გამოხატა: „ერთობა და დავიწყება”. ეს კი თავის მხრივ, იმას გულისხმობდა, რომ რევოლუციური მოღვაწეობისათვის ხელისუფლება არავის დასჯიდა. მიუხედავად ამისა, პირობა შეუსრულებელი დარჩა.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ლუიმ 50 000 სახელმწიფო ჩინოვნიკი დაითხოვა სამსახურიდან. გარდა ამისა, დაითხოვა ძველი პარლამენტი და შეკრიბა ახალი პარლამენტი; გამოსცა რამდენიმე ლიბერალური კანონი. მათ შორის ბეჭდვითი სიტყვის თავისუფლების შესახებ. სახელმწიფო ბიუჯეტზე კონტროლი დაეკისრა პარლამენტს და ასე შემდეგ.
ისტორიკოსები ამბობენ, ცოტაოდენი ხანი სიცოცხლისა კიდევ რომ დასცლოდა ლუის, ქვეყანას უთუოდ გამოიყვანდა კრიზისიდანო. თუმცა, თვით მეფეებიც კი არ არიან უკვდავნი. 1824 წლის 16 სექტემბერს, ლუი XVIII დე ბურბონი პოდაგრის შედეგად გარდაიცვალა. – (ავტორი გენია.ჯი)