ბერნჰარდ რუსტი – „ეპიზოდი”
დადგენილია, რომ მარტო 1933-1938 წლებში ნაცისტურმა ხელისუფლებამ გერმანიიდან 2 000-მდე მეცნიერი გაასახლა, ეგრეთ წოდებული არაარიული წარმოშობისა თუ პოლიტიკური რწმენის გამო. (ავტორი გენია.ჯი) გერმანიიდან მეცნიერთა მასობრივმა და იძულებითმა გადინებამ ფიზიკური მეცნიერების ცენტრად ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი აქცია. შესაბამისად, თუკი ადრე ფიზიკოსთა სასაუბრო ენას გერმანული წარმოადგენდა, ახლა იგი ინგლისურმა შეცვალა. ალბერტ აინშტაინის უარს, აშშ-იდან დროულად დაბრუნებულიყო გერმანიაში, ნაცისტებმა მისი ქონების კონფისკაციით უპასუხეს. გარდა ამისა, ნაცისტმა ბარბაროსებმა საჯაროდ დაწვეს კოცონებზე აინშტაინის ფარდობითობის თეორიის საკითხებზე მიძღვნილი წიგნებიც. კვანტური თეორიის გერმანელი ფუძემდებელი და პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის რექტორი – მაქს პლანკი იმ პერიოდში თავის წუხილს შემდეგი სიტყვების თანხლებით გამოხატავდა ხოლმე – „ადრე თავს გერმანული მეცნიერების წარმომადგენლად ვთვლიდი და ამით ვამაყობდი. ახლა კი სირცხვილით დამალვა მიხდებაო”.
ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ფარდობითობისა და კვანტურ თეორიებს გერმანელმა ნაცისტებმა „ებრაული მეცნიერების” იარლიყი მიაწებეს და მათი სწავლა უნივერსიტეტებში კატეგორიულად აკრძალეს. მესამე რაიხის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა – ბერნჰარდ რუსტმა (1883-1945 წლები), რომელიც ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ მეცნიერთა წინააღმდეგ წარმოებული სასტიკი ბრძოლისა, აღნიშნული საკითხის შესახებ ერთხელ მრავლისმეტყველად განაცხადა კიდეც: „ნაციზმი მეცნიერების მტერი კი არ არის, იგი მხოლოდ თეორიების მტერიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)