როი სოხუმელი – „ნუ გაიკვირვებ…”
ნუ გაიკვირვებ, ცოტაც მყოფნის – სული მოვითქვა,
გჩუქნი ყვავილებს, გულს ვტოვებ და…
დღეა
სამტრედე,
გუშინ გაზაფხულს შევუთვალე უფლის მოკითხვა,
სულ არ მჭირდება,
თებერვალზე ნერვებს ვამტვრევდე…
ყველას შეუნდე, სადაც შურდათ – ჩემი გაჩენის,
სადაც გხვდებოდი,
სადაც მყავდი – ვყრივარ ლექსებად,
დრომ დაიმწიფა წუთის ლტოლვა
სხვათა
გარჩევის,
მალე თვალებიც – შენი სახით ამომევსება…
დადნა ზამთარი, როგორც იქნა – მეყო დათმენა,
ვყავარ მოლოდინს, სულ ცოტაც და…
მზეა
აღდგომის,
არ დამკლებია არავისგან გულის წართმევა,
და მონატრება ჩემს ტაძრებში – ერთად დადგომის.
იყო ქუჩები, სადაც ვდიე უთქმელ ნაბიჯებს,
ახლა, ძვირფასო, შენი თმების სუნი მწყურია,
როგორ მჭირდება,
როგორ მინდა, როგორ მაგიჟებს,
ამინდებიც რომ ძველებურად პოეტურია…
სულზე მოასწრო სიმარტოვემ წლების თენებად,
სახლებს ნაჩვევი,
დღეს ასეა, ვგუობ სართულებს,
უნდა მირწმუნო მთელს სხეულში – ამომზევებად,
როცა სამყაროს – ეს ლექსები მოგიქარგალებს…
მცვივა თვეები,
ხან ქარებით – ასე მხარდამხარ,
სულში ნათოვი, ყვავილებად – მწკრივში აწყვია,
ჩემთან იყავი, როგორც ადრე… განა ხანდახან,
შენი ტუჩები?.. უფრო ტკბილი, ვიდრე მარწყვია…
ნუ გაიკვირვებ, თუ ბევრია ახლაც მპოვნელი,
თუ მარტს დაეტყო თებერვლისგან დღეთა სესხება,
გამოვუჩნდები ღვთის გაზაფხულს
ხელის
მთხოვნელი,
და ეს თვალებიც შენი სახით ამომევსება…