გიორგი ლეონიძე – „მზე მარჯნისფერი ისევ ბრდღვიალებს”

სად გასხლტი, ჩემო ახალგაზრდობავ, -

დაუდგრომლობავ,

ზავთო,

ყიჟინავ!

შენ თუ გიშველა ქარიშხლის ღელვამ,

ფრთები მქროლავი რამ შეგიშინა?

* * *

წყალი იყავი?

სად გაიპარე?

ქარი იყავი?

გადიგრიალე?

სადა ხარ, სადა,

პირს რად იფარებ?

მზე მარჯნისფერი ისევ ბრდღვიალებს!..

* * *

შეიმჩქეფარე ერთხელ დრო-ჟამი,

განა გულს ეყო, რაც რომ იხარა?

ვინ დაგიმსხვრია ხელთ ოქროს ჯამი

და ოქროს წყალი ვინ დაგიღვარა?

* * *

ტყეში შევარდა ჩემი ირემი,

აღარ გამოდის…

ველი… დაჩუმდა…

ეგებ მისდევენ მონადირენი,

იქნებ რომელმა დაინარჩუნა?

* * *

თავს რომ ირთობდი ძველი ზღაპრებით,

თავი მოგქონდა ნაყივჩაღარად,

რით ვერ გაიგე, რა ფეხაკრეფით

დაგეცა თავზე თოვლი -

ჭაღარა!

* * *

როგორ გამისხლტი, ახალგაზრდობავ;

და რა ყიჟინით გადიგრიალე;

გულმა მაისი განა დასტოვა? -

მზე მარჯნისფერად ისევ ბრდღვიალებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>