ონორე დომიეს შესახებ…
„მოლიერი ფანქრით”. – ასეთი უცნაური და მრავლისმეტყველი თიკუნით მოიხსენიებდნენ XIX საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ კარიკატურისტსა და სკულპტორს – ონორე ვიქტორიენ დომიეს (1808-1879 წლები) მისი თანამედროვეები. (ავტორი გენია.ჯი) პოლიტიკური კარიკატურის დიდოსტატი მხატვარი 1835 წელს იძულებული გახდა შეეწყვიტა პოლიტიკური პერსონების გაშარჟებული სახით გამოყვანა, რადგან იმ პერიოდის საფრანგეთში მიმდინარე პოლიტიკური მოტივების ფონზე კანონის ძალით იქნა აკრძალული პოლიტიკური კარიკატურების დახატვა და გამოქვეყნება. შედეგად იგი საყოფაცხოვრებო თემატიკაზე აგებულ სატირაზე გადავიდა, თუმცა 1848 წელს დომიე კვლავაც დაუბრუნდა პოლიტიკური შინაარსის მქონე დიდებული კარიკატურების შექმნის პროცესს.
„მასში იყო რაღაც მიქელანჯელოსი”-ო, – დომიეს შესახებ შეუნიშნავს ერთხელ მისი შემოქმედებით გატაცებულ ონორე დე ბალზაკს. ბუნებით მოკრძალებულმა მხატვარმა თავის დროზე უარი განაცხადა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ჯილდოს – „საფრანგეთის საპატიო ლეგიონის” დიდი ჯვრის მიღებაზე. მიუხედავად უამრავი შეკვეთისა, ფრანგ ხელოვანს კომერციული წარმატებები მაინც არ ხვდა წილად, რის გამოც ხშირად უკიდურეს სიღარიბეში უხდებოდა ცხოვრება. 1870-იან წლებში, მხატვარი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ფოტოგრაფია ვერასოდეს ჩაანაცვლებდა სახვით ხელოვნებას, პროგრესირებადი სიბრმავის გამოისობით სრულიად დაბრმავდა. ყველასაგან მიტოვებული და სიდუჭირეში მყოფი მოხუცი ხელოვანისადმი (იმ ხელოვანისადმი, რომლისაც თავის დროზე თვით მეფეებსაც კი ეშინოდათ) ზრუნვა საკუთარ თავზე მისმა მეგობარმა, დიდმა ფრანგმა ფერმწერმა – კამილ კორომ აიღო. სწორედ მან შეუძინა საცხოვრებელი ბინა სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს უსახლკარო მხატვარს. გარდა ამისა, დაუქირავა მოსამსახურე და დაუფარა ვალები.
1879 წლის 10 თებერვალს – ონორე ვიქტორიენ დომიე პარიზის მახლობლად მდებარე ვალმონდუას მუნიციპალიტეტში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ამ მეტად ნაყოფიერმა ფერმწერმა დაგვიტოვა ოთხი ათასზე მეტი კარიკატურა, აკვარელით შესრულებული 700 სურათი და 60 სკულპტურა, რომელთა უმეტესი ნაწილი იმ ეპოქის რევოლუციურ მოტივებზეა აგებული. – (ავტორი გენია.ჯი)