როი სოხუმელი – „ვიბადებოდი… თითო-თითოდ ვყავდი ეპოქას”

ვიბადებოდი… თითო-თითოდ ვყავდი ეპოქას,

მთელი სამყაროც, როგორ გითხრა…

ხსნა

და მარცხია,

უნდა იცოდე… დედამიწაც – აღარ გეყოფა,

სანამ ტუჩებზე, სხვების გემო სისხლად გაცხია.

ახლა დაიწყო,

პირველ დღეებს ითვლის აპრილი,

მარტიც თავისას – თოთხმეტი დღით,

მაინც

ამართლებს,

დგახარ კარებთან – გუშინდელი პატივაყრილი,

და მელოდები, რა სეზონით გაგასამართლებ.

ვკარგავ ქარდაქარ,

როგორც წვეთებს – ჩემი მაჯიდან,

თვალის გახელაც (შენი იყოს) -

დილის შეწევნით,

თითქმის ბოლომდე გადახრილი – ღია ფანჯრიდან,

თამბაქოსავით -

ამოუთქმელ სიტყვებს ვეწევი…

კომენტარის დატოვება