ონო-ნო კომატის შესახებ…

იაპონური პოეზიის პირველი ოფიციალური ანთოლოგიის – „კოკინოსიუ”-ს შემდგენელმა – კი-ნო ცირაიუკიმ, სახელგანთქმული იაპონელი პოეტი ქალი – ონო-ნო კომატი (825-900 წლები), რომელიც თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად იყო მიჩნეული „ამომავალი მზის” ქვეყანაში, „ოცდათექვსმეტ უკვდავ პოეტთა” ნუსხაში შეიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საუკუნეების განმავლობაში სილამაზის ეტალონად ქცეული კომატის მიერ დაწერილი 118 ლექსიდან – 80 ლექსი იაპონური ლიტერატურის შედევრად არის მიჩნეული დღემდე. აქვე შევნიშნავ იმასაც, რომ ონო-ნოს პოეზია გაჯერებული იყო უიღბლო სიყვარულის, ღალატის, განშორებისა და დარდის თემატიკით, რაც ღრმა გრძნობებსა და ძლიერ ემოციებს აღძრავდა პოეზიის მოყვარულებში.

როგორც მრავალ სხვა სახელოვან ადამიანს, ლეგენდად ქცეულ ონო-ნო კომატისაც გააჩნდა ერთი მეტად საინტერესო და უცნაური თვისება: ეს პირმშვენიერი პოეტი-ქალი თავისი სილამაზით ბევრ მამაკაცს ახვევდა თავბრუს. შესაბამისად, მას უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. თავად კი, საპასუხო სიყვარულით არავის ანებივრებდა. იმისათვის, რომ შეყვარებულ მამაკაცს კომატისათვის თავისი უსაზღვრო სიყვარული დაემტკიცებინა, იაპონელი ლამაზმანი მისგან მოითხოვდა – შილიფად ჩაცმულს ზამთრის პერიოდში (ნებისმიერ ამინდში) – 100 ღამე გაეთია ონო-ნოს სახლის ზღურბლთან. მიუხედავად ასეთი უცნაური წინადადებისა, კომატის სახლის ზღურბლთან მაინც ათევდნენ ზამთრის სუსხიან ღამეებს მისი თაყვანისმცემლები. რთულ გამოცდას ბევრი ვერ უძლებდა. მრავალი გადმოცემა ირწმუნება, რომ ზამთრის სიცივეებმა, თოვლიანმა და წვიმიანმა ამინდებმა რამდენიმე შეყვარებული მამაკაცი იმსხვერპლა კიდეცო. ამის დასტურად კი მოჰყავთ პოეტი ქალის მშვენიერებით დატყვევებული ახალგაზრდა იაპონელი დიდებული, ვინმე – ფუკაკუსა-ნო სიო-სიო. წელს ზემოთ სრულიად შიშველმა ფუკაკუსამ 99 ღამე კი გაათია საშინელ სიცივეში ონო-ნოს სახლის ზღურბლთან, თუმცა, როდესაც მეასე ღამის გასათევად მიდიოდა, იგი გზაში გაიყინა და გარდაიცვალა. ამბობენ, ყველაზე მეტად კომატიმ სწორედ რომ ფუკაკუსას გარდაცვალება განიცადაო, რასაც ისიც მოწმობს, რომ იგი მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ინანიებდა მის მიერ გამოვლენილ გულცივობას. იაპონელი პოეტი ქალის ბიოგრაფების მოსაზრებით, ამიტომაც იყო იაპონელი-პოეტი ქალის პოეზია გაჯერებული ესოდენ ღრმა შეგძნებებითა და ძლიერი ემოციებით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>