როი სოხუმელი – „ითოვებს ალბათ”
ითოვებს ალბათ,
სადაცაა ზამთარი მოვა…
და ჩვენი სახლის ძველ ღობესთან ჩაწვება ნისლი,
ვინ დაიჯერებს ჩემს უხილავ, მოლურჯო თოვას,
ახლა დეკემბერს,
სამოსივით ყოველ დღე ვიცვლი…
გარეთ მგავს ვიღაც,
შინ
ქარივით
ურჩია
ფიქრი,
და თვიდან თვემდე, წარსულივით შორსაა კერა,
ის ჩემი სულის შეცივებულ სინანულს ითვლის,
შენ მაინც მყავდე,
რომ ყველაფრის – ბავშვივით მჯერა…
თეთრია ქუჩა… ამინდივით ვეხვევი ხეებს,
და ისე ცივა,
როგორც ადრე – გაყინვის შიშით…
გიკოცნი ტკბილად სიცივისგან გათოშილ ხელებს,
რომ ეს სამყაროც შემოგითბო მოდგმით და ჯიშით…
ითოვებს ალბათ… სადაცაა ზამთარი მოვა,
და ჩვენი ფანჯრის ძველ აივანს შევრჩებით ისევ…
შენ დაიჯერებ ჩემს თვალებში მოლურჯო თოვას,
როცა დეკემბერს,
სამოსივით ყოველ დღე ვიცმევ…