როი სოხუმელი – „მგავდნენ დღეები”

მგავდნენ დღეები,

მივაცილებ ახლა იანვარს,

მიმაქვს ბიბლიაც – გადაშლილი ბოლო ფურცელზე,

რჩება აპრილი შენს წინაშე, ნაჩვევ მზიან დარს,

როგორც პატარას მიძინება – დედის მუცელზე.

ვქსოვდი თებერვალს,

დღენაკლული – სადღაც… გუშინწინ,

იყო ჩამქრალი თარიღების მიწად სიელვე…

ისე მიჭირდა უშენობა, როგორც უფლის წინ -

ცრემლით, თავდახრით ამოთქმული სიცარიელე.

და გაამტყუნეს მონატრებულ ფიქრთა სიცხადე,

ვუთვლი სინანულს – გზააბნევით დაღლილ

ბებერ

ბერს,

რომ ეს სიმშვიდე, მაინც მარცხით გამომიცხადეს,

მყოფნის წუხილი, უთოვლობით ნატანჯ დეკემბერს.

ვის რა შევუნდო,

რა ღირსი ვარ – მერქვას რჩეული,

წლები მანძილებს გამუდმებით ფერხთით მაცლიან,

მქვია ფურცელი – ცხოვრებიდან ამოხეული,

და ეს სამყარო, როგორც სუსხი – ისე მაცვია…

კომენტარის დატოვება