„დამაბრუნეთ… წამიყვანეთ… მაჩვენეთ…”
“ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი – საკვებისათვის, ადამიანი – საბრძოლველად და სამუშაოდ. მერე ყველანი დაბრუნდებიან: მხეცი თავის ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი – თავის ქოხს. მე კი წამოვედი და ვეღარ დავბრუნდი. ვიბრძოლე, ვიმუშავე, აღარაფერი შემრჩა, გარდა ოთხმოცდარვა წლის ტვირთისა. მძიმეა, მეტად მძიმე ტვირთია. დღეს თუ ხვალ უნდა გამსრისოს. მაშ ასე: ვეღარ დავბრუნდები-თქო. იმდენი ვიხეტიალე, რომ დედ-მამის სახელიც კი დამავიწყდა… საკუთარი გვარიც… ისიც აღარ ვიცი, სად არის ჩემი ბუდე თუ ბუნაგი… ან რა ჰქვიან იმ კუთხეს. ისიც არ ვიცი, რა ჰქვიან ჩემს ნაქოხარს. რომ დავბრუნდე, ვერც კი ვიპოვნი. მაინც რაც უნდა მოხდეს, მსურს დავბრუნდე და ჩემი უკანასკნელი მუდარაც, ერთადერთი ჯილდოც და ანდერძიც ეს არის: დამაბრუნეთ… წამიყვანეთ… მაჩვენეთ…”