როი სოხუმელი – „იქ, ოცნება ვარ, ოცნებები, სადაც არ ხდება”
იქ, ოცნება ვარ, ოცნებები, სადაც არ ხდება,
სადაც არაფერს ამბობენ და უხმოდ მიდიან…
სადაც არ თმობენ ერთმანეთს და რაღაც მთავრდება,
და სისრულეში წარმოდგენაც ბეწვზე ჰკიდია…
იქ, არაფერიც არ იწყება… და რომც დასრულდეს,
და რომც გათელოს დრო და ჟამმა თავის მისია…
ვისღა ვჭირდები? ვისთვის იქნებ, სულაც გავრთულდე -
საუკუნეში, სადაც ჩემი – უკვე სხვისია…
გამომიტყუეს გარეთ, რადგან მორჩნენ ღიმილებს,
მთელი სხეულით ნაგლეჯ-ნაგლეჯ გრძნობებს ჰყიდიან…
იქ, გამიძარცვეს ბაღები და – ჩაიღიმილეს,
თუმცა ვერ მთმობენ, ვერ მთმობენ და მაინც მიდიან…
და მეც ისევ ვზრდი მოთმინებას, ნაჩვევ განწყობებს,
ისევ ერთგულად თავს ვევლები, რადგან ჩემია…
თუ ვერ განვკურნავ დატოვებულ ცოდვის დამწვრობებს,
მაშინ ვილოცებ, სხვა იმედი, რა დამრჩენია…
არც ეს სამყარო, არც ცხოვრება, არც იმედები,
არც მიტევება დაპურდება, რადგან გავცივდით…
იქნებ შევძლოთ და, ავაფრინოთ სულში მტრედები,
სადაც გვიჭირს და სადაც გვტკივა, სადაც დავცილდით…
იქნებ, წასვლებსაც რწმენა მივცეთ, რწმენა – დარჩენის,
რომ დღევანდელი, საუკუნოდ გასცდეს მომავალს…
და თუ ვიცოცხლეთ, ეს იქნება – მადლი გამჩენის,
გონებას, გულს და სულის საზრდოს სრულად მომართავს…
იქ, ოცნება ვარ, ოცნებები, სადაც არ ხდება,
და სისრულეში წარმოდგენაც – ბეწვზე ჰკიდია…
სადაც არ თმობენ ერთმანეთს და, რაღაც მთავრდება.
სადაც არაფერს ამბობენ და მაინც მიდიან…