კონსტანტინე გამსახურდია – „ჭადრების ქება”
„სად ხართ, ბუნების გულმეცნიერნო და იდუმალთა ჰანგთა მიმთხრობნო? გვითხარით, ჭალიკონს (სამხრეთ-დასავლეთის ძლიერი ქარი) რას ეტყვიან ჭადრის ფოთლები. სად ხართ, ფერწერის ოსტატებო, ეგ ტანხატულა ჭადრები რომ გამოსახოთ, მთლად ნორჩ ხის კანზე ქეცედ ქეცეცად ამძვრალ ქერქის ტალღები რომ ატყვია ჰიეროგლიფების მინაგვარი და საოცარი.
ეს ხეები, აჟურები, არაბესკები, ნაშუქარის და ნაჩრდილავის ლაღი თამაში.
არაფერს ისე არ გაუოცებივარ ჩემს ბავშვობაში, როგორც ჭადრების მოქარგულ ტანს.
ჯერ იყო და ასე მეგონა: ვიღაც უჩინარს ღამის მხატვარს უხატნიაო. მართლაცდა, რას არ აგონებს ადამიანს ეს ფიგურები! ზოგი ჩიტუნას გაშლილფრთებიანს, ზოგი ირმის თავს ქორბუდიანსა, ზოგიც შორეულ ზღვების კუნძულებს, ზოგიც ვეშაპს ხახადაბჩენილს, აიღებ ფანქარს, გადმოხატვას რომ დააპირებ: არც ასე ადვილი აღმოჩნდება მათი ასახვა.
ასე ყოფილა, ალბათ აწიც ასე იქნება: დიდოსტატობის ნახელავი იოლი ხელით ნათამაშევს წააგავს მუდამ. როგორ ამშვიდებს ადამიანს ამ ჭადრების ფოთლების შრიალი, როცა ჩეროებს მოგანატრებს მზე კოლხიდისა. გულს გაგიმრთელებს ამ მდევების თვალის შევლებაც. ძველ ეგვიპტელებს ჰყვარებიათ ტანკენარი ობელისკები, რადგან ობელისკი ხვატით გადარუჯული ქვეყნის ოცნებაა, ხისთვის ოცნება.
ეს არის მხოლოდ: ობელისკის ზესწრაფვა ცივია და მიწიერთან განრიდებული. ჭადრის ტანკენკრობაშიაც ობელისკური ცათატრფიალია მიჩქმალული. ამ ცათატრფიალს ხისა ფურცლობის, სიმწვანისა და სიხალასის იერიც ზედ ერთვის ხოლმე. სწორედ ამიტომ ჰყვარებიათ ძველ ბერძნებსაც ჭადრის ხეები”. – (ავტორი გენია.ჯი)