ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ეშაფოტი”
„შეიძლება სულ ერთი იყოს თქვენთვის – დასჯიან სიკვდილით ადამიანს, თუ არა; შეიძლება არც ჰო გეთქვათ ამის გამო, არც არა, – სანამ თქვენი თვალით არ გინახავთ კაცის კვლა. მაგრამ, რა ნახავთ, ისეთ მძლავრ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, ისე შეგარყევთ, რომ ძალაუნებურად ან მიემხრობით, ან წინააღმდეგი გაუხდებით ადამიანის სიკვდილით დასჯას. ზოგი დე მესტერსავით აღტაცებულია ეშაფოტით, ზოგი კი ბეკარიასავით აძაგებს. ეშაფოტი ჩვენი კანონის განხორციელებაა, სისხლის მაძიებელი კანონისა. თვითონ ხომ იარაღია სასჯელისა და თქვენც ისე გიზიდავთ, რომ ან ჰოს გათქმევინებთ, ან არას, – და თუ საკუთარი თვალით გონახავთ, – თქვენს დღეში ვეღარ იტყვით – ჩემთვის სულ ერთიაო. დაინახავთ და საიდუმლო რაღაც თრთოლვა აგიტანთ. საზოგადოებრივ ყოველ კითხვას ამ ბასრი იარაღის გარშემო აღუდგენია თავისი კითხვის ნიშნები. ეშაფოტი ლანდია. ეშაფოტი ფიცარნაგი არ არის, არც მანქანა ხისა, ფოლადისა და ჯაჭვით შედგენილი უქნისი იარაღი. იგი რაღაცნაირ არსებასა ჰგავს, რომელიც თავისებურ ინიციატივით არის აღჭურვილი; ასე გეგონებათ, ეს ფიცარნაგი ხედავსო, ეს მანქანა ისმენსო, ეს იარაღი გრძნობსო, ამ ხეს, ფოლადს და ჯაჭვს რაღაც საერთო საზარელი წადილი აქვსო. იმ საშინელ ოცნებაში, რომელსაც ეშაფოტი აღძრავს ჩვენს სულში, თვითონაც საზარლად იხატება და თვითონაც ერევა თავის საქმნელში. ეშაფოტი თანამოაზრეა ჯალათისა, თავისი მსხვერპლის ხორცსა სჭამს და სისხლსა სვამს. ეშაფოტი – ერთგვარი ურჩხულია, მსაჯულისა და ხუროს მიერ გაკეთებული, მოჩვენებაა, რომლის საშინელი სიცოცხლე მის მიერ დახოცილთა სიკვდილით სულდგმულობს”. – (ავტორი გენია.ჯი)