ტიციანის შესახებ…
არაჩვეულებრივად ხანგრძლივი ცხოვრება განვლო სახვითი ხელოვნების „ჯადოქრად” წოდებულმა დიდმა იტალიელმა მხატვარმა – ტიციანმა, იგივე ტიციანო ვეჩელიმ. „არაჩვეულებრივად ხანგრძლივი-თქო” იმიტომ ვახსენე, რომ იმ პერიოდის (XV-XVI საუკუნეები) ევროპაში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 35 წელს არ აღემატებოდა, ტიციანმა კი თითქმის 90 წლამდე იცოცხლა. მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა, ვენეციური სახვითი ხელოვნების ტიტანს, არც გონება არევია, არც მკლავის ძალა დაკლებია და არც თვალისჩინი ჩაქრობია. ის კი არა და, ასაკის მატებასთან ერთად, მას კიდევ უფრო გაუუაქტიურებია თავის შედევრ-სურათებზე მუშაობა. თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, რომ ვეჩელი არა მხოლოდ ფუნჯს იყენებდა სახატავად, არამედ საკუთარ თითებსაც კიო.
ნიშანდობლივია ისიც, რომ ტიციანის გარდაცვალების მიზეზი მისი ხანდაზმულობა არ ყოფილა. მხატვრის ბიოგრაფები აღნიშნავენ: რომ არა ტიციანის შავი ჭირით დაავადებული ვაჟი, რომელმაც მამაც დაასნეულა, ვეჩელი კიდევ დიდხანს იცოცხლებდაო. გარდაცვალების დღეს ხელოვანმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო, თუმცა მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია. აკი აღესრულა კიდეც იგი თავის სახელოსნოში ფუნჯით ხელში… სწორედ იმ დღეს დაასრულა მან მუშაობა საყოველთაოდ ცნობილ ტილოზე – „ქრისტეს დატირება”. მხრცოვანმა გენიოსმა მუშაობის დასრულების შემდგომ მოსამსახურეს თხოვა, სუფრა რამდენიმე ადამიანზე გაეშალა. (ავტორი გენია.ჯი) მსახურმა ივარაუდა, რომ ტიციანი სტუმრებს ელოდებოდა, თუმცა მათთან სახლში არავინ გამოჩენილა. როგორც შემდგომში გაირკვა, ვეჩელის, რომელიც კარგად გრძნობდა სიკვდილის მოახლოვებას, თავისი უკანასკნელი ტრაპეზით სურდა იმიერში გარდასულ მასწავლებელთა და მეგობართა აჩრდილებს გამომშვიდობებოდა, გამოთხოვებოდა: ჯოვანი ბელინის და ჯორჯონეს, მიქელანჯელოსა და რაფაელს, იმპერატორ – კარლოს V-ს… თუმცა, მას უკანასკნელი ტრაპეზი არ დასცალდა: 1576 წლის 27 აგვისტოს, შავი ჭირის ეპიდემიას ემსხვერპლა.
იმ პერიოდში მოქმედი კანონის თანახმად, შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს უსაფრთხოების მიზნით, მიწას კი არ აბარებდნენ, არამედ – წვავდნენ. უდიდესი ავტორიტეტის მქონე ტიციანის შემთხვევაში იშვიათი გამონაკლისი იქნა დაშვებული: იგი დაკრძალული იქნა ვენეციაში განთავსებულ სანტა-მარია გლორიოზა დეი ფრარის ტაძარში. მის საფლავზე წარმოდგენილ უზარმაზარ ძეგლზე კი შემდეგი სახის წარწერაა დატანილი: „აქ განისვენებს დიდი ტიციანი – მეტოქე ზევსებისა და აპელესებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)
ტიციანის საფლავი