ერთი პატარა ჩანახატი…

„ამ ტყის გარეშე რა მაცოცხლებს. დავდივარ, დავღოღავ ხან აქეთ, ხან იქით და დღის ბოლოს მშიერ-მწყურვალი რომ მოვიქანცები და დამაწყდება ფეხები, შევყოფ თავს რცხილის ჩრდილში და …უცებ ხის ტოტიდან ისკუპებს ალპიური ტიყვი, მხარზე დამახტება. გადავუსობ ხელს, შევეჩურჩულები ჩვენებურად, ტყის ენაზე, მოვეფერებით ერთიმეორეს, ვკითხავ, რას შვები, როგორა ხარ, შემოგევლე-მეთქი და ისიც… თავად როგორ ბრძანდები, შე ბებეროო. ხომ არაფერი გიჭირსო… გავისტუმრებ ციყვს დამშვიდებულს, – თუ ადამიანებმა არ შეგჭამეს, კაიხანს არაფერი აგტკივდება-მეთქი. შევისვენებ ცოტას და წავალ. ახლა კურდღლები შემომეფეთებიან, მომაქცევენ ალყაში, ააცმაცუნებენ ტუჩებს ბავშვებივით. ააქიცინებენ კუდებს. არიან ერთ ამბავში.

გავიარ ცოტაზე და… ბრეკზე, დიდ მუხასთან შვლის ნუკრი მიცდის, თვალებში სიხარულის ცრემლები უკრთის, თითო კურცხალი მილიონი რომ ღირს, და არ აკოცებ თვალებში?

აგერ, ბებერი, ლამაზი, ტანბრგე ცაცხვი, ენა მებორკება ბებერს რომ ვუწოდებ ხე-ბატონს, რომელსაც ტოტები ლაღად გაუშლია და დგას… კარგად შენახული, ღირსეული მოხუცივით. დგას და… ბევრს ჩვენნარს გაისტუმრებს, თქვენ რომ იცით, იქით…

იდგეს!

იდგეს!

იშრიალოს, თავის ტოტაფოთლილ და გემრიელ ჩრდილში სული მოათქმევინოს მტერ-მოყვარეს. მოყვარეს კარგი სიტყვა ათქმევინოს, მტერს მადლობა მაინც წამოაცდენინოს.

ჩემს ტყეში ნადირიც ბევრია და ფრინველიც. ჩემდამი და ჩემთან დამოკიდებულებით ორად ვყოფ მე მათ. ერთნი თვითონ მეძებენ, მელოდებიან, მეფერებიან, მიფრთხილდებიან (აკი დაგისახელეთ კიდეც ისინი) და რაც ზოგიერთ ვირთაგან კაციშვილს დაუკლია ჩემთვის, მივსებენ, მიხანგრძლივებენ სიცოცხლეს. მეორენი, ჰმ! ჩასაფრებულნი არიან, არ ვიცი, როდის მეცემიან, ყელს გამომღადრიან, უმად შემჭამენ, დამხრავენ. ასეთ ნადირთ განეკუთვნებიან: მგლები, ტურები, დათვები, აფთრები და… ადამიანებიც… კი, ასეა. ზოგი ადამიანი ისეთი ვერაგია და დაუნდობელი, ისეთი უბედურია და უსინდისო, მგელზე აურესია.

მხეცი – მგელი რომ გაძღება, მიეგდება ხის ძირას. რომც გადაეყარო, არაფერს გერჩის. ზოგიერთი ადამიანი კი, პირიქითაა, როცა გაძღება მაშინ მოგინდომებს შეჭმას. ეს კი თავის მხრივ, ჯილაგზეა დამოკიდებული”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>