როი სოხუმელი – „დამიმახსოვრებს”

დამიმახსოვრებს,

შენს თავს ვფიცავ, ვიღაც – უშენოს,

გარეთ აპრილიც, ჩემთან ერთად დგას და იცვლება,

როგორ გაძნელდა, ამინდებსაც ვინმემ უშველოს,

როცა წვიმები ერთიანად ჩამოიცლება…

დაგრჩი პირისპირ,

როგორც ადრე… როგორც შენამდე,

თითქოს თვეებიც მშრალ სახეზე -

ნაკვთებს

მპარავენ,

მომიახლოვდი მწუხარების გამოფენამდე,

თუ ეს ლექსებიც

წვეთ-წვეთობით შენში მმალავენ.

ახლა, რა მიჭირს,

დღეს მრავალგზის შევხვდი განსაცდელს,

ალბათ დავხატავ – სველ ოქტომბერს

როგორ

იხდიდი,

გჭირდა აპრილი, ჩემს ოთახში ვნებით დასაცლელს,

და რა იცოდი,

ბინის ქირას – ძლივსღა ვიხდიდი…

ვერც სმას შევეშვი,

არც ის მახსოვს, როგორ ვილოცე,

როგორ შევძელი – ჩემს ოცნებებს სახლი ვუშენო,

მთელი არსებით, მოლოდინიც თუ გამიოცე -

დამიმახსოვრებს,

შენს თავს ვფიცავ, ვიღაც – უშენოს…

კომენტარის დატოვება