ჟან-პოლ მარატის შესახებ…
მას აღმერთებდნენ და იგი სძულდათ. ხალხის მასები ხელში აყვანილი დაატარებდა, ხოლო კოლეგა-პოლიტიკოსები მისი მზის ჩასვენებაზე ოცნებობდნენ. დავა ჟან-პოლ მარატის პერსონის, საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის ირგვლივ, ასეულობით წლის გასვლის შემდეგაც კი გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა, რომ ფრანგებმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს კარგად, იგი გენია იყო თუ ურჩხული, იყო „ხალხის მეგობარი”, როგორც მას მოიხსენიებდნენ, თუ დაუძინებელი მტერი. პროფესიით ექიმმა მარატმა ინგლისში ყოფნის ჟამს მასონურ ლოჟაში გაწევრიანება არჩია, რამაც თავის მხრივ, ფრანგ ნაციონალისტებს რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ მყარი არგუმენტი მისცა: მას შემდეგ ისინი მიიჩნევენ, რომ ყველა რევოლუცია, რაც კი საფრანგეთში განხორციელდა, სწორედ რომ მასონების მიერ იყო ორგანიზებული. სამშობლოში დაბრუნებულმა ბრწინვალე კარიერა აიწყო. ერთი ხნის განმავლობაში საფრანგეთის მეფის ძმის პირად ექიმად იმსახურა. გაწეული სამსახურისათვის მიღებულმა დიდმა გასამრჯელომ, ჟან-პოლ მარატს, XVIII საუკუნის დასარულის ამ კლასიკურ ინტელიგენტს, საშუალება მისცა, რამდენიმე თავისი წიგნი გამოეცა. ეს კი მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში ერთობ ძვირი სიამოვნება გახლდათ. ინტრიგებში უკიდურესად გაწაფულ მარატს მუდამდღე გაპუდრულ პარიკსა და ზოლიან კამზოლში ხედავდნენ. საკუთარი განათლების შესახებ იაკობინელთა ყოჩს ერთობ მაღალი წარმოდგენა გააჩნდა. იგი თავს დიდ ინტელექტუალად და სწავლულად მიიჩნევდა. თუმცა, მის იდეებს საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიაში არანაირი წარმატება არ ხვდომია წილად. ის კი არა და, მარატის მიერ წიგნად გამოცემულ ერთ-ერთ ნაშრომს თვით უდიდესმა ფრანგმა განმანათლებელმა – ვოლტერმა დასცინა საჯაროდ. ამიტომაც იყო, რომ მარატმა თავად დაიწყო საკუთარი წიგნებისა და ნაშრომების ქება-დიდება. იმ რედაქტორებს, რომლებიც უარს განუცხადებდნენ წიგნის გამოცემაზე, ეს საშინელი გარეგნობის მქონე ბოღმიანი ახალგაზრდა კაცი საშინლად იძულებდა და ამ სიძულვილს არასოდეს ივიწყებდა. გავა კიდევ რამდენიმე წელიწადი და… საფრანგეთის დიდი რევოლუციის ერთ-ერთი შემოქმედის – ჟან-პოლ მარატის პირადი ბრძანების საფუძველზე გილიოტინისაკენ დაიძრებიან რედაქტორები და აკადემიკოსები, სწავლულები და ჟურნალისტები. ყველა ისინი, ვინც ადრეულ წლებში სათანადოდ არ შეაფასეს მისი „გენიალური” ნიჭი და დაუდევრად მოექცნენ მას. – (ავტორი გენია.ჯი)