ვიქტორ-მარი ჰიუგო – „ნაპოლეონი და ვატერლოო”
„შესაძლებელი იყო, რომ ნაპოლეონს მოეგო ვატერლოოს ბრძოლა?
აი ჩემი პასუხი: არა.
ველინგტონის გამო? ბლუხერის გამო?
არა, ეს იყო ღვთის ნება.
ბონაპარტი რომ გამარჯვებული დარჩენილიყო ვატერლოოში, ეს იქნებოდა სრული დარღვევა მეცხრამეტე საუკუნის კანონისა. იმ დროს სულ სხვა მიმართულების ამბები მზადდებოდა, რომელშიაც ადგილი აღარ ექნებოდა ნაპოლეონს. ამ ამბების მიერ უარყოფა ნაპოლეონისა, დიდი ხანია, ეტყობოდა ცხოვრების მიმართულებას, დრო იყო, რომ დაცემულიყო ეს დიდი თან ძლიერი ადამიანი.
მეტისმეტად დიდი წონა ჰქონდა ამ კაცს და მით აღვევდა კაცობრიობის წონასწორობას. ამ კაცს, მარტოდმარტოს, უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ვიდრე მთელ კაცობრიობას. კაცობრიობის სიცოცხლის ძალჭარბობა მოგროვილიყო ერთადერთ თავში, მთელი ქვეყანა მოთავსებულიყო ერთადერთ ტვინში, – მომაკვდინებელი იქნებოდა ცივილიზაციისათვის, რომ ბოლო არ მოღებოდა ნაპოლეონს. დრო იყო, რომ ადამიანთა ცხოვრებაში ჩარეულიყო უზენაესი, უანგარო მართლმსაჯულება. სისხლის ღვარს რომ ორთქლი ასდის, სასაფლაო რომ მკვდრებს ვეღარ იტევს, დედის ცრემლი რომ ვეღარ შრება, ეს არის უტყუარი მომჩივანი უზენაესის წინაშე. ასეა! დედამიწა რომ მეტისმეტად ტანჯვას განიცდის, საიდუმლო გმინვა ისმის წყვდიადში და უსაზღვროს ესმის იმისი გმინვა.
ნაპოლეონი დაბეზღებული იყო უსაზღვროს წინაშე და გადაწყვეტილი იყო იმის დაცემა.
იგი აწუხებდა ღმერთს.
ვატერლოო ბრძოლა არ არის. ვატერლოო სამყაროს სახის შეცვლაა. იმ დღეს შეიცვალა მომავალი კაცობრიობისა. ვატერლოო ახალი მიმართულების გზა არის მეცხრამეტე საუკუნისა. დიდებული კაცი უნდა ჩამოშორებოდა, რომ ამ გზას დასდგომოდა დიდებული საუკუნე და ამის გარიგება იკისრა იმან, ვისაც ვერავინ გაუბედავს წინააღმდეგობას”. – (ავტორი გენია.ჯი)