ჯულიო მაზარინის შესახებ…

„რიშელიეს აჩრდილი”. – ასეთი ეპითეტით შეამკო გენიალურმა ფრანგმა მწერალმა – ალექსანდრე დიუმამ კარდინალის რანგში აყვანილი და საფრანგეთის სამსახურჩი ჩამდგარი იტალიელი აზნაურის ფრიად ნიჭიერი ვაჟი - ჯულიო მაზარინი (1602-1661 წლები). (ავტორი გენია.ჯი) დედოფალ – ანა ავსტრიელის ფავორიტი კარდინალი მთელი 18 წლის განმავლობაში განაგებდა არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ მთელი ევროპის პოლიტიკასაც კი. კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლმა მაზარინიმ (თვით ლუი მეცამეტეც კი გაოგნებული დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ ქვეყანაში მოსამართლეები ქრთამს აღარ იღებდნენ) საფრანგეთის გაუბედურებული ეკონომიკა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის შედეგად სულ რაღაც სამიოდე წელიწადში გამართა წელში. აყვავდა ვაჭრობა და მრეწველობა. კარდინალის მზრუნველი ხელი დაეტყო სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს დარგს. „რიშელიეს აჩრდილად” წოდებულმა მაზარინიმ ციხეებიდან გაანთავისუფლა იგივე რიშელიეს ბრძანების საფუძველზე დაკავებული არისტოკრატები და დიდებულები. თუმცა, მათ ოფიციალურად აეკრძალათ მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდეობებზე დანიშვნა. გარდა ამისა, მის სახელთან არის დაკავშირებული საფრანგეთის დაუძინებელ და მუდმივ მტერთან – ინგლისის სამეფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სათანადო დონეზე დარეგულირება. სწორედ რომ კარდინალი ჯულიო მაზარინი იყო ის პირველი ადამიანი, რომელმაც საფრანგეთში იტალიიდან გასტროლებზე ჩაიყვანა საოპერო დასი, რითაც მან ქვეყანაში სათავე დაუდო ეროვნული ოპერის დაბადებას. ხელოვნების მოყვარულ მაზარინის დიდებული ბიბლიოთეკაც ჰქონდა. იგი არანაირ თანხებს არ ზოგავდა თავისი უნიკალური ბიბლიოთეკის შესავსებად (დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საყოველთაოდ ცნობილი – „მაზარინის ბიბლიოთეკა”); კარდინალის რელიგიურ ტოლერანტობაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ მისი მინისტრობის ჟამს რელიგიურ ნიადაგზე საფრანგეთში არ წარმოშობილა არც ერთი კონფლიქტი ჰუგენოტებთან, არ გამართულა არც ერთი პროცესი ჯადოქრებისა და ერეტიკოსების წინააღმდეგ; საფრანგეთში ფაქტობრივად არ არსებობდა ცენზურა, რასაც ისიც მოწმობს, რომ ბლეზ პასკალი და პიერ გასენდი თავისუფლად აქვეყნებდნენ თავიანთ ნაშრომებს.

ამ უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის შესაშური გონიერება თავის დროზე აღაფრთოვანებდა თვით კარდინალ რიშელიესაც კი. ამიტომაც მიმართა სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა რიშელიემ თავისი უკანასკნელი შეხვედრის დროს მაზარინის ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვით – „ჯულიო, მაშინ, როდესაც ეშმაკის მოტყუება გახდებოდა საჭირო, მე ყოველთვის თქვენს ტალანტს მივმართავდიო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>