ვიქტორ-მარი ჰიუგო – „პარიზელები”
„ხშირად ლომად იქცევა კატა. ეს ასეა და ამით არის გასაკვირი პარიზელი ხალხი. პარიზელი იგივეა ფრანგისთვის, რაც ბერძენისთვის ათენელი იყო. პარიზელზე უკეთ ვერავის სძინავს. იმაზე გულახდილად ვერავინ ამჟღავნებს თავის ფუქსავატობას და სიზარმაცეს. იმაზე უკეთ ვერავის შეუძლია ვითომ დავიწყება, თუმცა არ გაგიტაცოთ ამ დასურათებამ. განხორციელებული უზრუნველობაა, მაგრამ თუ დიდებისათვის მოუხდა ბრძოლა, ნამდვილი ლომი ხდება ეს კატა. შუბი მიეცით და ძირიანად აჰგვის მონარქიულ წესწყობილებას, თოფი მიეცით და კვლავაც მოგიგებთ აუსტერლიცის ბრძოლას. ნაპოლეონის დიდების დედაბოძი პარიზელი ხალხი იყო. დანტონის ძალის ერთადერთი საფუძველი იგივე პარიზელი ხალხი იყო. გაუჭირდა სამშობლოს? ქუდზე კაცი გადის შეიარაღებული. თავისუფლებისათვის ატყდა ბრძოლა? ბარიკადებზე იბრძვის. მაშ ფრთხილად, ეპიკურ ძალას წარმოადგენს მისი აბურძგნილი თმა და ძველ ქლამიდად იქცევა მისი ხალათი. მაშ ფრთხილად! ისე გაამაგრებს უბრალო ქუჩას, რომ ქვეყნის ჯარიც ვეღარას უზამს. დაჰკრავს ჟამი და მდევად იქცევა პარიზელი გარეუბნელი, ვეშაპივით წამოვარდება ეს კაცუნა, ცეცხლივით აენთება თვალი, მისი სუნთქვა ქარიშხლად იქცევა და ისეთი გრიგალი ამოუვარდება საცოდავ ჩავარდნილ მკერდიდან, რომ ალპის მთებს შესძრავს. რევოლუციამ პარიზელი გარეუბნელების წყალობით დაამარცხა ევროპა. იგი მღერის. ეს არის მისი სიხარული. შეუთანხმეთ პარიზელი ხალხის სიმღერა მის ბუნებას და მაშინ ნახავთ რა მძლავრი და დიდებული ყოფილა ეს „ბრბო”. – (ავტორი გენია.ჯი)