მერი I ტიუდორის შესახებ…
1558 წლის შემოდგომაზე, სენტ-ჯეიმსის სასახლის მდიდრულად მოწყობილ საძინებელში განთავსებულ სამეფო საწოლში სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლიდა უკიდურესად გაფერმკრთალებული ქალი. არაბუნებრივად დასიებული სახე… ნახევრადდახუჭული თვალები… სუნთქვა ნელი, ძლივს შესამჩნევიც კი… მისი ხილვა ყველა სულდგმულში აღძრავდა უკიდეგანო სიბრალულს. მომაკვდავმა იცოდა, რომ – კვდებოდა… არა, სიკვდილის მას სულაც არ ეშინოდა. ის კი არა და, იგი იმდენად გადაღლილიყო ცხოვრებისაგან, რომ მისთვის სიკვდილი მისწრებაც კი იყო. უსასრულო რწმენამ, განუხორციელებელმა ოცნებებმა და ილუზიებმა ერთ დროს ძლევამოსილი ქალი სრულიად უმწეო გახადა. იგი კვდებოდა იმ სანუკვარი ოცნების აღსრულების გარეშე, რასაც ცოლ-ქმრული და დედა-შვილური ბედნიერება ჰქვია. იმ ბედნიერების გარეშე, რომელიც ნებისმიერ უბრალო გლეხუჭას გააჩნდა, მას კი, ინგლისის ძლევამოსილ მბრძანებელს – არა!
პატარა მერის, რომელსაც შემდგომში ხალხმა „სისხლიანი” უწოდა, მამა, ჰენრი VIII ხშირად ჩაისვავდა ხოლე კალთაში და შემდეგი სიტყვებით ეალერსებოდა: „ყველაზე ძვირფასი მარგალიტი ჩემი სამეფო გვირგვინისა”. მას უყვარდა გახსენება იმისა, თუ როგორ ტკბილად იძინებდა მამის კალთაში. თუმცა ეგზომ თბილი მამა-შვილური ურთიერთობა მერისა და ჰენრის შორის დიდხანს არ გაგრძელებულა. ამის მიზეზი კი, თავად მონარქი იყო, რომელმაც მერის დედა – ეკატერინე არაგონელი პირმშვენიერ ანა ბოლეინზე გადაცვალა. მეფის ბრძანებით ყოფილი დედოფალი შორეულ ციხე-სიმაგრეში იქნა გადაგზავნილი, მერი კი თავის ოთახში გამოკეტეს. მას ჩამოართვეს არა მხოლოდ ტიტულები, არამედ პირადი ლაქიები, სამკაულები, მდიდრული ტანისამოსი და ყველაზე მთავარი, დედოფლად გახდომის შესაძლებლობა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, იგი სულიერად მაინც არ დაცემულა და მამასა და მის მეამბოხე დედინაცვალს – ანა ბოლეინს განუცხადა, რომ საკუთარ თავს კვლავაც ტახტის მემკვიდრე პრინცესად მიიჩნევდა.
ახალგაზრდა გოგონასათვის უმძიმესი პერიოდი დაიწყო. საკუთარ ოთახში გამოკეტილ მერისთან არავის ჰქონდა ურთიერთობა გარდა იმ მოსამსახურეებისა, რომელიც მას საკვებსა და წყალს აწვდიდნენ. მამისგან მოძულებულს აღარავინ მიიჩნევდა პრინცესად და „უკანონოდ შობილად” მოიხსენიებდნენ. დედინაცვალის პირადი ბრძანების საფუძველზე მოსამსახურეები უმკაცრესად ექცეოდნენ მერის. ბრძანების დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავე ისე ისჯებოდა, რომ სხვებს მისი დარღვევის სურვილი არ გასჩენოდათ. ექსცენტრიული დედინაცვალი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მამას ქალიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონოდა, რასაც დროებით მიაღწია კიდეც.
მიუხედავად დაუნდობელი ბუნებისა, მერიზე განრისხებულმა ჰენრიმ საკუთარი ქალიშვილის სიკვდილით დასჯა (ცოლებისაგან განსხვავებით) მაინც ვერ გაბედა. „მას ამისათვის სული არ ეყოო”, – შენიშნავენ ისტორიკოსები. უძეოდ გადაგებული ჰენრი სამეფო ტახტზე მერიმ შეცვალა. შედეგად იგი იქცა პირველ ინგლისელ დედოფლად ქვეყნის ისტორიაში. კორონაციის წინა ღამე მომავალმა დედოფალმა თეთრად გაათენა. მას ღრმად სწამდა, რომ მიუხედავად მამის გარდაცვალებისა, ჰენრის მაინც დაუმტკიცებდა თავის სიმართლეს. სიმართლეს იმისა, რომ ვერანაირი ვაჟი-შთამომავალი, რის გამოც მოიძულა ჰენრიმ თავის დროზე მერი, ვერ იქნებოდა უკეთესი მემკვიდრე სამეფო ტახტზე, ვიდრე მისი უფროსი ქალიშვილი იყო. – (ავტორი გენია.ჯი)