როი სოხუმელი – „ამინდები ვარ…”

ამინდები ვარ…

და

შეუნდე

ჩემში

ცვლილებებს,

ვუყოფ ღიმილებს შენი სულის თორმეტ მეგობარს,

თებერვლობისას თუ კი წასვლა მაინც ინებეს,

ვტოვებ ნოემბერს,

ვტოვებ აპრილს – ბზობით შემომთბარს…

ან, რა აზრი აქვს, ვინ მოიგებს, როცა მწუხრია,

როცა გადაშლი სხვებით შექმნილ პირად ქრონიკებს,

დროთა საზრუნავს წუთი მისკენ გადაუხრია,

და ჩემს წამებზე ღამისთევით წაიჭორიკნებს.

და შენც, უჩემო,

გამიშიშვლებ ურცხვად ტკივილებს,

წვიმად მოსული, მზეს დავკარგავ უფლის შობამდე,

პეტრეს თვალებით ცხრა სინანულს ამოვიყივლებ,

სადაც დამაკლდი უნუგეშოდ გამოთრობამდე.

სხვა – ჯვარს იწერდა,

ჩემს ფეხებთან ეგდო საყურე,

ზოგს რა ბედი აქვს, როცა ღმერთიც ასე ინებებს,

თუ სამყაროსგან მიტოვებულს, მაინც დამყურებ,

ამინდები ვარ…

და

შეუნდე

ჩემში

ცვლილებებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>