იცით თუ არა, რომ?!
1. VII საუკუნეში მოღვაწე დიდი ბიზანტიელი ისტორიკოსის – იოანე ანტიოქელის გადმოცემის თანახმად, კოლხეთიდან საბრძნეთში გატაცებულ „ოქროს საწმისზე”, რომელიც ცხვრის ტყავისაგან იყო დამზადებული, ოქროს ქიმიურად მიღების წესი იყო დაწერილი. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური დანიელი ფიზიკოსი – ნილს ბორი (დანიის პირველი „საპატიო მოქალაქე”) სამსახურში ყოველთვის ველოსიპედით დაბრძანდებოდა. მოგვიანებით მისი მეგობრები იგონებდნენ, რომ პირქუშსა და ფხუკიან ბორს ველოსიპედით ძალიან ჩქარა სიარული უყვარდაო.
* * *
3. ძველ ელადაში ყველაზე ძლიერ წყევლას ჩაძირული გემებიდან ამოღებული ლურსმნებით წერდნენ.
* * *
4. „ხელმწიფევ! თქვენი სახელი – თქვენი სიამაყეა, მაგრამ სიცოცხლე თქვენი – ჩვენივე არსებობაა”. – ამ სიტყვებით მიეპირფერა რეგენსბურგთან ბრძოლაში დაჭრილ ჯერ კიდევ ძლევამოსილ ბონაპარტს საფრანგეთის საყოველთაოდ ცნობილი პირველი მინისტრი – შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორი. ის მინისტრი, რომელმაც არა მარტო გასცა შემდგომში იგი, არამედ ნაღდ ანგარიშზეც კი გაყიდა იგი. ასე ახამებდა ხოლმე ტალეირანი სასიამოვნოს სასარგებლოსთან.
* * *
5. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასწყისში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 400-მდე ფიზიკოსი მოღვაწეობდა. მათი მოღვაწეობის ძირითად არეალს კი კემბრიჯის, ბერლინის, ჰეტინგენის, პარიზისა და სხვა ევროპული ქალაქების ცნობილი უნივერსიტეტები წარმოადგენდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ფრანგი მეცნიერი ცოლ-ქმრის – პიერ და მარია კიურების მიერ 1898 წელს აღმოჩენილი ქიმიური ელემენტი – რადიუმი, რამდენიმე მილიონჯერ უფრო რადიაქტიურია, ვიდრე – ურანი.
* * *
7. გენიალური გერმანელი ნობელიანტი ფიზოკოსი – მაქს პლანკი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინაც ალბერტ აინშტაინის შრომები აღიარა და სათანადოდ დააფასა. სწორედ პლანკი იცავდა აინშტაინს ჰიტლერის ზეობის პერიოდში გერმანელ მეცნიერთა მხრიდან თავდასხმისაგან.
* * *
8. მას შემდეგ, რაც 1744 წელს დიდი ფრანგი განმანათლებელი – ჟან-ჟაკ რუსო ვენეციელმა ელჩმა – გრაფმა მონტეგიუმ სამსახურიდან ისე დაითხოვა, რომ ხელფასიც კი არ მისცა, ცხოვრების სახსარს მოკლებულმა და ულუკმაპუროდ დარჩენილმა, რამდენიმე ხანი ლათინურ კვარტალში განთავსებულ ერთ-ერთი ქოხმახის სხვენზე იცხოვრა.
* * *
9. უძველეს სპარტაში არსებული კანონის თანახმად, თუ ოჯახს ორი ვაჟი ჰყავდა, ჯარში მხოლოდ ერთ მათგანს იწვევდნენ. თუ ერთი ვაჟი, ამ შემთხვევაში საბრძოლველად მამა მიდიოდა, ის კი შინ რჩებოდა გვარის გამგრძელებლად. სპარტელები ამბობდნენ, ომმა არ უნდა გააქროს ესა თუ ის მოდგმაო.
* * *
10. გენიალური გერმანელი ლიტერატორისა და მოაზროვნის – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს მშობლიურ ქალაქ – ვაიმარს, XVIII საუკუნეში – „პოეტების ქალაქად” მოიხსენიებდნენ. ცნობისათვის, ამავე ქალაქში თავის დროზე გოეთესთან ერთად მოღვაწეობდა ისეთი დიდი გერმანელი პოეტი, როგორიც იყო – ფრიდრიხ შილერი. – (ავტორი გენია.ჯი)