ტერმიტების შესახებ…
სულ ბუნებაში ორასი ათასი სახეობის ტერმიტი არსებობს. ისინი დედამიწის ყველა კონტინენტზე ბინადრობენ, გარდა ანტარქტიდის ყინულოვანი კონტინენტისა. იკვებებიან ხის მერქნით, მკვდარი მწერებითა და ობით, რომელიც მათი კოლონიის სათბურების ფოთლებს ედება. არიან ისეთებიც, რომელთაც განსაკუთრებული სიზარმაცის გამო თავის რჩენა საერთოდ არ შეუძლიათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ისინი წვერებით უღიტინებენ ზურგზე მუშა-ტერმიტებს, რის შედეგადაც, რაც კუჭში აქვთ მუშა-ტერმიტებს, ყველაფერს ამოაბოყინებენ და ამით იკვებებიან.
ტერმიტების კოლონიას სათავეში უდგას „მეფე” და „დედოფალი”. მათ გამრავლებაზე სწორედ ისინი ზრუნავენ.
მეფე (მამრი) თავის მეუღლესთან (მდედრთან) შედარებით ბევრად უფრო პატარა ზომისაა და იგი დედოფალზე ადრეც კვდება. კოლონიას სათადარიგოდ ყოველთვის ჰყავს მზად კიდევ ერთი სამეფო წყვილი, რომელიც ნებისმიერ დროს არის მზად, დაიკავოს წინამორბედების საპატიო ადგილი, თუ მეფესა და დედოფალს რაიმე მოუვა, ან კიდევ დედოფალი მოულოდნელად კვერცხების დებას შეწყვეტს. კოლონიის სხვა წარმომადგენლებს – „ჯარისკაცები”, „მუშები” და ჩვეულებრივი ტერმიტები შეადგენენ. კოლონიის სხვადასხვა ჯგუფი ერთმანეთისაგან გარეგნულად განსხვავდება.
ტერმიტთა დედოფალს მუცელი წარმოუდგენელ სიდიდემდე ეზრდება, რაც გამრავლების ორგანოს გადიდებითაა გამოწვეული. იგი შეიძლება ოცდაათიათასჯერ დიდი იყოს მუშა-ტერმიტის მუცელზე. სიგრძით დედოფალი ზოგჯერ 9-10 სანტიმეტრს აღწევს და დღეში 8 000-მდე კვერცხს დებს. ერთი კოლონია ათას, ან რამდენიმე ასეულ ათას ტერმიტს ითვლის. თითოეული ტერმიტი ბრმა იბადება. როდესაც ისინი წამოიზრდებიან, მათი უმრავლესობა ორი კასტიდან ერთ-ერთის ნიშნებს გამოავლენს – ზოგი მუშაა და ზოგი ჯარისკაცი, რომელიც პოლიციელის ფუნქციასაც ასრულებს ტერმიტთა კოლონიაში. ისინი ხელმძღვანელობენ მუშებს, რომელთაც კვერცხები დედოფლისგან ბაგაში გადააქვთ და თავის მხრივ თვალყურს ადევნებენ კვერცხების მდგომარეობასა და ჩვეულებრივ ტერმიტებს. ორივე კასტის წარმომადგენლებს სასქესო ორგანოები იმდენად განუვითარებელი აქვთ, რომ მათი გარჩევა ხშირად შეუძლებელია. ჯარისკაცი სხვა ტერმიტებისაგან განსხვავდება თავისა და ყბის ზომით, რომელიც ზოგჯერ მუშა-ტერმიტების თავსა და ყბაზე თხუთმეტჯერ დიდია.
ტერმიტები ცოტა ხნით უძლებენ დღის სინათლეს. თავები მათ წაწვეტებული აქვთ. გამოყოფენ ბუდეების კედლის სამშენებლო მასალის შესაწეპებელ სითხეს. შესაძლოა, ეს სითხე მათ თავდაცვის საშუალებადაც გამოიყენონ. მათი გასაოცარი კონსტრუქციის მქონე ბუდეების სიახლოვეს ყოველთვის არის წყალი. ამიტომაც აგებენ ისინი ღრმა გვირაბებს, რომელთა სიღრმე ხშირად ბუდეების მსგავსად, ოც მეტრზეც კი ჩადის მიწაში. ავსტრალიასა და აფრიკაში ვხვდებით ტერმიტთა ბუდეებს, რომელთა სიმაღლე ხუთ მეტრსაც კი აღწევს. ეს უნიკალური პირამიდები სავსეა გვირაბებითა და სხვადასხვა დანიშნულების მქონე სათავსოებით. ერთ-ერთი საუკეთესო სათავსო ეკუთვნის დედოფალს, რომელიც მანამ არ გამოდის იქიდან, სანამ კვერცხის დება შეუძლია. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ტერმიტებს მუდმივი ბუდეები არა აქვთ. ისინი დროებით სახლდებიან მკვდარი ხის ფუღუროებში, ან სახლის ხის ნაწილებში.
სიბნელის მოყვარულ ზოგიერთ ტერმიტებს ფრთები ეზრდება (ასეთი ტერმიტები ჩნდებიან წვიმიანი სეზონის დასაწყისში). გაჩენიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ ისინი სხვადასხვა მხარეს მიფრინავენ და ახალ კოლონიებს აარსებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
ტერმიტების ბუდე