დაფიდის შესახებ…
პარნასის მთის ძირას განთავსებულ სახელგანთქმულ აპოლონის ტაძარში მომსახურე დელფოს ორაკულების ხმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაისმოდა დელფოს სამისნოდან, ყველაზე დიდი გავლენის მქონე ხმა იყო ძველ ელადაში. (ავტორი გენია.ჯი) ამ ერთ-ერთ უძველეს რელიგიურ ცენტრში მოღვაწე მომხიბლავი ახალგაზრდა გოგონები ხომ თვით სინათლისა და ხელოვნების ძველბერძნული ღმერთის – აპოლონის სახელით ლაპარაკობდნენ?! მათმა ღვთაებრივმა და იდუმალებით აღსავსე საუკუნოვანმა სიტყვებმა ისტორიის მსვლელობაც კი შეცვალეს. შესაბამისად, დელფოს ორაკულები განუზომელი ავტორიტეტითა და ხელშეუხებლობით სარგებლობდნენ.
ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით II საუკუნეში ელადაში მოღვაწეობდა სკანდალურად ცნობილი ძველ ბერძენი გრამატიკოსი და პოეტი – დაფიდი. იგი სოფისტი იყო და ერთობ ვულგარული და ცინიკური გამოსვლებით გამოირჩეოდა. დაფიდის იმ პერიოდის ელადაში გამეფებული რელიგიის მიმართ მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნდა და მის მიმართ განსაკუთრებულ ცინიზმს გამოხატავდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მას არც ძველ ბერძნული ღმერთებისა სწამდა რაიმე და არც დელფოს სახელოვანი ორაკულებისა. რომაელი მწერლის – ვალერიუს მაქსიმუსის გადმოცემის თანახმად, დაფიდი იმდენადაც კი გათავხედდა, რომ დელფოს ორაკულის მასხრად აგდება გადაწყვიტა. მას სურდა დაემტკიცებინა, რომ ორაკულები ცრუობდნენ. ერთ დღეს, სოფისტი გრამატიკოსი დელფოსის სამისნოს საგანგებოდ ეწვია. ორაკულთან შეხვედრის დროს მან აპოლონის ქურუმ ქალს განუცხადა, რომ ცხენი მოპარეს და სურდა მისი მეშვეობით დაედგინა, რა ბედი ელოდა მას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დაფიდის ცხენი არასოდეს არ ჰყოლია. შესაბამისად, – იცრუა. რელიგიური რიტუალის ჩატარების შემდეგ ორაკულმა მას შემდეგი სიტყვით მიმართა: „ცხენი კი მოიძებნება, მაგრამ მისი მომძიებელი მალე ჰპოვებს აღსასრულსო”. და მართლაც, რამდენიმე ხანში ეს ამბავი გახმაურდა. გახმაურდა და დელფოს ორაკულის დაცინვა სანანებელიც გაუხდა ცინიკოს სოფისტს. იგი პერგამონის მეფის – ატალა მესამის ბრძანებით დილეგში იქნა გამომწყვდეული. ცინიკოს გრამატიკოსს, რომელიც თვით გენიალურ ჰომეროსსაც კი მოიხსენიებდა უდიერად, ბრალი დასდეს დელფოს ორაკულის შეურაცხყოფასა და მის წინაშე გამოჩენილ უღირს საქციელში, რის გამოც დაფიდი ეგრეთ წოდებული – „მაგნესიის კლდიდან” იქნა გადაგდებული (გადაჩეხილი) და ამ გზით მოკვდინებული. სხვა ვერსიის თანახმად კი, ღმერთებისა და მათი მსახურების შეურაცხმყოფელი დაფიდი ჯვარს აცვეს და ისე გამოასალმეს წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)