ალქიმიის ისტორიიდან…
XI საუკუნეში ევროპის კონტინენტზე პირველად გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული მეცნიერება – ალქიმია. ის მეცნიერება, რომლის უმთავრესი მიზანი სხვადასხვა ლითონების ძვირფას ლითონებად გარდაქმნა იყო. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ამის მიღწევა არა მხოლოდ ალქიმიის მიზანს, არამედ მეტექვსმეტე საუკუნის ქიმიის მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა. ალქიმიამ თავისი საწყისი „ბებერ კონტინენტზე” ესპანეთსა და სიცილიაში აიღო. იქ, სადაც ევროპელებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა და კავშირები ჰქონდათ არაბებთან; იქ, სადაც პირველად ითარგმნა არაბული ხელნაწერები ლათინურ ენაზე და იქ, სადაც გაიხსნა პირველი ალქიმიის სკოლები.
იწყებოდა ალქიმიის – „ოქროს საუკუნე”…
ალქიმიკოსებთან, ამ სწავლულ-ენციკლოპედისტებთან, ბუნებისმეტყველებთან, ასტროლოგებთან და მედიკოსებთან მეგობრობასა და ახლობლობას ესწრაფოდნენ მდიდარი და გავლენიანი პერსონები, თავიანთი სასახლის კარზე მათ დიდი პატივითა და სიხარულით ეგებებოდნენ სხვადასხვა ქვეყნების მეფეები. ისინი გარშემორტყმულნი იყვნენ მრავალრიცხოვანი მოწაფეებით; შედგენილი იქნა თავისებური კოდექსიც კი, რომლის მიხედვითაც ალქიმიკოსი უნდა ყოფილიყო დინჯი, არ უნდა ელაპარაკა ბევრი, არავისთვის არ უნდა ეცნობებინა მის მიერ წარმოებული ცდის შედეგები; უნდა ეცხოვრათ ადამიანებისაგან მოშორებით ისეთ სახლში, სადაც ლაბორატორია ექნებოდათ მოწყობილი; ალქიმიკოსებს ეძლეოდა ასეთი რეკომენდაციაც: „კარგად შეარჩიეთ ამინდი და მუშაობის დაწყების დრო. იყავით მომთმენმი და ამტანნი… სასურველია, იყოთ მდიდარი, რათა შეძლოთ შეიძინოთ მუშაობისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი”.
საინტერესო და საყურადღებოა ის გარემოება, რომ ისეთი დიდი სწავლულები და განმანათლებლები, როგორებიც იყვნენ – აბუ-ალი იბნ-სინა, იგივე – ავიცენა, ფრენსის ბეკონი, ბარუხ სპინოზა, გოტფრიდ-ვილჰელმ ლაიბნიცი და სხვანი, დარწმუნეული იყვნენ იმაში, რომ ალქიმიას ძალუძდა უბრალო ლითონის ძვირფას ლითონად ქცევა. არის ცნობები იმის შესახებაც, რომ ლითონთა ტრანსმუტაციის გზით თავის დროზე ოქროს მიღება სცადა თვით ისააკ ნიუტონმაც.
ეს რწმენა იმდენად მაღალი ჰქონდა XVI საუკუნეში მოღვაწე ინგლისის მეფეს – ჰენრი VI ლანკასტერს, რომ მან საჯაროდაც კი მიმართა აღნიშნული საკითხის შესახებ ხალხს. მან ხალხის წინაშე, როგორც მონარქმა, დაიფიცა, რომ სულ ახლოს იყო ის დღე, როდესაც ინგლისში ალქიმიკოსები თავიანთ ლაბორატორიებში საკმარისი რაოდენობის ოქროს წარმოებას შეძლებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამის იმედით დაჰპირდა იგი ინგლისელ ხალხს მათი ვალების სრულად გასტუმრებასა და ჩამოწერას.
ჩარლზ II სტიუარტამა კი, ოღონდ ოქრო გამოედნოთ და ალქიმიკოსებს სულაც თავისი საძინებლის გვერდით მდებარე ოთახში განათავსებინა ლაბორატორია, საიდანაც ღამით გამომავალ ხმაურს იგი აინურში არ აგდებდა. ცდების ჩატარებისას ლაბორატორიაში რამდენჯერმე აფეთქებაც მოხდა, მაგრამ არც ამას შეუწუხებია მონარქი.
დროთა განმავლობაში ალქიმიის „ოქროს საუკუნე” წარსულს ჩაბარდა, რადგან შედეგი (თუ მოარულ ხმებს არ მივიღებთ მხედველობაში) – იყო ნული. ალკიმიკოსებს შორის ყალთაბანდებისა და ავანტურისტების მომრავლებას კი მათი სასტიკი დევნა და შევიწროება მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)