ედუარდ II პლანტაგენეტი – „ეპიზოდი”
„აი თქვენ, უელსის პრინცი, ადგილობრივი მკვიდრი თქვენი ქვეყნისა”. – ეს პოლიტიკურად დატვირთული მრავლისმეტყველი სიტყვები „გრძელფეხებად” წოდებულმა ინგლისის მეფემ – ედუარდ I პლანტაგენეტმა მაშინ წარმოთქვა, როდესაც უელსში, კერძოდ კი კარნავარის ციხე-სიმაგრეში ქვეყნიერებას ახლადმოვლენილი პრინცი, შემდგომში – ედუარდ II პლანტაგენეტად (1284-1327 წლები) წოდებული, პირველად წარუდგინა საჯაროდ უელსელ ხალხს. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია, როდესაც ამ სასტიკ და მეომარ მონარქს უელსი ახალი დაპყრობილი ჰქონდა. უელსელებმა მორჩილების სანაცვლოდ, შოტლანდიელი პატრიოტის – უილიამ უოლესის გამანადგურებელი ინგლისის მეფისაგან მოითხოვეს, რომ უელსის პრინცის საპატიო ტიტული მიკუთვნებოდა იმ ადამიანს, რომელიც უელსის ტერიტორიაზე დაიბადებოდა. ამიტომაც წარუდგინა „გრძელფეხებამ” ჩვილი ედუარდი მათ ზემოაღნიშნული სიტყვის თანხლებით. შესაბამისად, ედუარდ II იქცა პირველ ინგლისელ მონარქად, რომელსაც უელსის პრინცის საპატიო ტიტული მიენიჭა.
ახალი მეფე სახელგანთქმულ მამას ფიზიკურად კი ჰგავდა (მასავით ახოვანი და თვალტანადი იყო), მაგრამ სხვა დანარჩენში მამა-შვილს შორის კარდინალური სხვაობა სუფევდა. 1307 წელს პრინცი ინგლისისა და უელსის მეფედ აკურთხეს. მისგან ხალხი ბევრს მოელოდა, თუმცა ედუარდის მმართველობას თან მოჰყვა შოტლანდიის მეფესთან – რობერტ ბრიუსთან სამარცხვინო მარცხი ბანოკბერნთან. შედეგად იგი იძულებული გახდა უელსი დაეტოვებინა და უკან, ინგლისში დაბრუნებულიყო. სუსტი მმართველი და უპრინციპო მეფე თავის მრჩევლებს ყურს არ უგდებდა, რადგან სამეფოს მართვის მთელი სადავეები ფაქტობრივად, საკუთარ მეუღლეს, დედოფალ – იზაბელა ფრანგს გადაულოცა. თავად კი, თავის „ფავორიტ” მამაკაცებთან ამორალურ ურთიერთობებს, დროსტარებასა და ამა ცხოვრების სხვა „სიამტკბილობებში” ჩაფვლას მიანიჭა უპირატესობა. მეფის არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა იგი მალე იძულებული გახადა უარი ეთქვა სამეფო ტახტზე მისი ვაჟის – ედუარდ მესამის სასარგებლოდ. ამიტომაც აღნიშნავდნენ მოგვიანებით მრავლისმეტყველად ისტორიკოსები – „ყველაზე დიდი შეცდომა ედუარდ პირველისა – ედუარდ II გახლდათო”. – (ავტორი გენია.ჯი)