ორას ვერნე – „სიკვდილის ანგელოზი”
„სიკვდილის ანგელოზი” – წარმოადგენს დიდი ფრანგი მხატვრის - ორას ვერნეს (1789-1863 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. სურათის სიმაღლე 146 სანტიმეტრია, ხოლო სიგანე – 113 სანტიმეტრი, და იგი ავტორმა 1851 წელს შექმნა. ვერნემ ტილოზე ილუსტრირება გაუწია ღრმა ქრისტიანულ რწმენას იმისას, რომ სიკვდილის წინ ყოველ ადამიანთან მიდის მთავარანგელოზი გაბრიელი, რათა მომაკვდავთა სულები იმიერში წარიღოს. სურათზე ასახულია ზეციური სხივით გაბრწყინებული ახლადგარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონა, რომლისთვისაც ხელი აქვს ჩავლებული სიკვდილის შავ ანგელოზს, რომელიც მის წაღებას ცდილობს. (ავტორი გენია.ჯი) საწოლზე დამხობილი ყმაწვილის სახეზე ღრმა მწუხარება და სასოწარკვეთაა აღბეჭდილი. ტილოს მარჯვენა მხარეს გადაშლილი წიგნია წარმოდგენილი. მის ზემოთ კი კარგად ჩანს კანდელით განათაებული ღვთისმშობლის ხატის გამოსახულება.
სახვითი ხელოვნების სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სურათის ალეგორიული სიუჟეტი ორას ვერნემ პირადი ტრაგედიიდან აიღო. და მართლაც, ცნობილია, რომ 1845 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა მხატვრის ულამაზესი ქალიშვილი – ლუიზა ვერნე. ცნობილია ისიც, რომ პირმშვენიერ ლუიზაზე დაქორწინებული იყო სახელგანთქმული ფრანგი მხატვარი – პოლ დელაროში. საყვარელი მეუღლის გარდაცვალებამ ვერნეს მსგავსად თავზარი მასაც დასცა, და იმავე ვერნეს მსაგვსად, მანაც დახატა სიკვდილის საუფლოში ახლად გარდასული ლუიზას უნიკალური ოსტატობით შესრულებული პორტრეტი. სულისშემძვრელი პორტრეტი ქალისა, რომელმაც თვით ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი დაადუმა.
1850 წელს ორას ვერნეს შედევრი-ტილო რუსმა კოლექციონერმა და ბიბლიოფილმა – ნიკოლოზ კუშელევ-ბეზბოროდკოვმა შეისყიდა. მისი გარდაცვალების შემდგომ სურათი (ისევე როგორც ნიკოლოზის მფლობელობაში არსებული სხვა დიდებული სხავითი ხელოვნების ნიმუშები) ნიკოლოზის ანდერძის თანახმად საჩუქრად გადაეცა რუსეთის სამხატვრო აკადემიის მუზეუმს. აღნიშნულ მუზეუმში „სიკვდილის ანგელოზი” 1868 წალმდე სხვა სახელწოდებით იყო წარმოდგენილი. „ქალი, რომელსაც სიკვდილი იტაცებს”. – ასეთი გახლდათ მაშინ მისი სახელწოდება. 1922 წელს ვერნეს ნამუშევარი ერმიტაჟის ბრწყინვალე მუზეუმს გადაეცა და მას შემდეგ იგი იქვეა დაცული. რაც შეეხება პოლ დელაროშის მიერ დახატულ ლუიზას სიკვდილისშემდგომ უკიდურესად მეტყველ პორტრეტს, იგი საფრანგეთის ქალაქ ნანტში განთავსებულ სახვითი ხელოვნების მუზეუმშია გამოფენილი. – (ავტორი გენია.ჯი)
პოლ დელაროშის მიერ დახატული ახლადგარდაცვლილი ლუიზა ვერნეს პორტრეტი