რა „მარცხი” მოუვიდა ედუარდ დე ვერის „ქალწული დედოფლის” წინაშე?

ძველმა ისტორიულმა ინგლისურმა ხელნაწერებმა სხვა უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად, ერთი მეტად საინტერესო და სახალისო ფაქტიც შემოგვინახა: ერთხელ, „ქალწულ დედოფლად” წოდებულმა ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდად ქცეულმა დედოფალმა – ელისაბედ პირველმა, სამეფო სასახლეში საზეიმო მიღება გაუმართა ქვეყნის ყველაზე გავლენიან დიდებულებს. (ავტორი გენია.ჯი) საზეიმო მიღებაზე დედოფლის პირადი მიწვევით იმყოფებოდა თავისი ჯელტმენური თვისებებითა და ერთობ ამაყი ხასიათით ცნობილი ოქსფორდის მეჩვიდმეტე გრაფი – ედუარდ დე ვერი (1550-1604 წლები). დადგენილი წესისამებრ, სამეფო ტახტრევანთან ფეხზე მდგომი დედოფალის წინ, მისდამი თაყვანისცემის ნიშნად, თითოეული დიდებული მუხლს იყრიდა და შემდეგ ეამბორებოდა ხელზე. როდესაც ედუარდის ჯერი დადგა, და როდესაც იგი დედოფლის წინაშე მუხლისმოსაყრელად დაიხარა, ყველასდა მოულოდნელად და მისდა სამარცხვინოდ, ერთობ ხმოვანი „მარცხი მოუვიდა” (უფრო რომ დავაკონკრეტოთ და გასაგები გავხადოთ, ვთქვათ, რომ  – გაეპარა). იქვე მდგომი ელისაბედისთვის ედუარდის უნებლიე „მარცხი” შეუმჩნეველი არ დარჩენილა, თუმცა არაფერი შეუმჩნევია და არც დაუსჯია იგი. სამაგიეროდ, მის წინაშე ეგზომ შერცხვენილმა თავმოყვარე გრაფმა თავად გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი: იგი ქვეყნიდან ნებაყოფლობით გადაიხვეწა უცხოეთში. სამშობლოს ედუარდი 7 წლის გასვლის შემდეგ, და ისიც, ელისაბედის თხოვნის შედეგად დაუბრუნდა.

ლონდონში დაბრუნებული ოქსფორდის გრაფი სამეფო სასახლეში გამოცხადდა. დედოფალს ედუარდის დანახვისთანავე სახეზე ღიმილი მოერია და იმისათვის, რომ დარცხვენილი დე ვერი შეეგულიანებინა, შემდეგი სიტყვით მიმართა მას: „ – იცით, მილორდ! მე აღარც კი მახსოვს რა „მარცხი” მოგივიდათ თქვენ უწინ”.

P.S. ცნობისათვის გეტყვით იმასაც, რომ ედუარდ დე ვერი არ ყოფილა ის ერთადერთი ადამიანი ისტორიაში, რომელსაც ეგზომ სამარცხვინო „მარცხი” მოუვიდა მონარქის წინაშე. მაგალითად, დიდი ფრანგი მწერალი – ფრანსუა რაბლე გადგოგვცემდა, რომ ანალოგიური „მარცხი” ანტიკურ ხანაში იმპერატორ ტიბერიუსის წინაშეც მოსვლია ერთ-ერთ რომაელ მოქალაქეს. იმ მოქალაქესაც დაუსჯია თავისი თავი დე ვერის მსგავსად, თუმცა-კი მისგან განსხვავებით, შერცხვენილ რომაელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაუსრულებია. აღნიშნულმა ფაქტმა რომში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მოგვიანებით, როდესაც ხელისუფლება კლავდიუსმა გადაიბარა, „მარადიულ ქალაქში” იმპერატორის მიერ გამოცემული იქნა ლიბერალური კანონი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს აძლევდა უფლებას, სადაც მოესურვებოდა (თვით სუფრასთანაც კი), იქ გაეშვა გაზები.

P.P. ჩინეთში იმპერატორის წინაშე ჩადენილი ანალოგიური აქტი, თუნდაც უნებური, – სახელმწიფო ღალატთან ასოცირდებოდა, რის გამოც „დამნაშავე” სიკვდილით ისჯებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>