ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გენიალური ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი – ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი (1864-1901 წლები), საროსკიპოების მუდმივი სტუმარი იყო. (ავტორი გენია.) იგი მეძავთა გარემოცვაში ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში და ამიტომაც დაავადდა მოგვიანებით – სიფილისით. იმ საშინელი დაავადებით, რომელიც ერთობ გავრცელებულ სენს წარმოადგენდა მაშინ მეძავებში და, რომელმაც საბოლოო ჯამში, იმსხვერპლა კიდეც იგი. ალკოჰოლიზმით შეპყრობილი ლოტრეკის დაავადების შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ფართო მასებისათვის გახლდათ ცნობილი, რის გამოც მისი ნახატების შესახებ კრიტიკოსები და არაკეთილმოსურნეები ირონიულად შენიშნავდნენ – „ლოტრეკის ტილოებს სიფილისის სუნი ასდითო”. უზომო ალკოჰოლიზმმა და სიფილისმა ანრი ისე ჩამოაბერა, რომ ოცდაათი წლის ასაკში მყოფი ხელოვანი გაცილებით ასაკოვან კაცს დაემსგავსა (ანრის სახელთან ასოცირდება კოქტეილის, სახელწოდებით – „მიწისძვრა”, გამოგონება) . მის სიტყვას კი მოაკლდა ლოტრეკისათვის ადრეულ წლებში დამახასიათებელი მახვილგონიერება. შედეგად, ანრისთან ურთიერთობის გაგრძელებისაგან ბევრმა ადამიანმა შეიკავა თავი. ცნობილია ისიც, რომ 37 წლის ასაკში მყოფი მხატვრის აღსასრული პარალიჩმა დააჩქარა.
ნიშანდობლივია, რომ ამ სკანდალურად ცნობილი ხელოვანის დაკრძალვაც ისეთივე სკანდალური გამოდგა, როგორიც მთელი მისი განვლილი ცხოვრება იყო. ლოტრეკის ცხედარი სასაფლაოზე ცხენებშებმული ეტლით გადაასვენეს. კატაფალკის ცხენებს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, თავად ჭირისუფალი, ალკოჰოლური სასმელებისგან უკიდურესად გამომთვრალი ანრის მამა – ალფონს შარლ დე ლოტრეკ-ტულუზი მართავდა (მან თავის ვაჟზე გაცილებით დიდხანს – 12 წელიწადი იცოცხლა). იგი იმდენად მთვრალი იყო თავისი შვილის დაკრძალვის დღეს, რომ, როდესაც ლოტრეკის ცხედარს სასაფლაოზე მიასვენებდა, იფიქრა, ცხენები ძალიან ნელა მიდიანო და მათ მათრახი გადაუჭირა. შედეგად ეტლში გაბმულმა ცხენებმა სისწრაფეს ერთიორად უმატეს. ალფონს სიჩქარე აღარ დაუგდია, რის გამოც სამგლოვიარო პროცესიის მონაწილეებს სახელოვანი მხატვრის უკანასკნელ განსასვენებლამდე მისვლა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) სირბილ-სირბილით მოუხდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
ალფონს შარლ დე ტულუზ-ლოტრეკი