„მზის ყვავილი”
„მზის ყვავილებად” წოდებული მზესუმზირების უზადო სიმშვენიერით თავის დროზე აღფრთოვანებული იყვნენ ისეთი სახელოვანი იტალიელი პოეტები, როგორებიც გახლდნენ – გაბრიელე დ’ანუციო და ეუჟენიო მონტალე. (ავტორი გენია.ჯი) ამ სამხრეთ ამერიკულ „ყვავილების დედოფალს” დიდმა ინგლისელმა მწერალმა – ოსკარ უაილდმა – „ესთეტიკური მოძრაობის, ანუ ესთეტიზმის სიმბოლო” უწოდა; მისი არაჩვეულებრივი და ორიგინალური ფორმა ხიბლში აგდებდა არა მხოლოდ მებაღეებს, არამედ მხატვრებსაც. ვინსენტ ვან გოგი, პოლ გოგენი, გუსტავ კაიბოტი, ანტონის ვან დეიკი და სხვა გენიოსები თავიანთ შედევრ-ტილოებზე უგალობდნენ ბუნების ამ გასაოცარ ქმნილებას. კლოდ მონემ კი სულაც მზესუმზირების ულამაზესი მინდვრების არსებობის გამოისობით შეიძინა სახლი ჟივერნის კომუნაში,ზემო ნორმანდიაში.
ბაროკოს ეპოქაში მზესუმზირებს რწმენისა და ერთგულების სიმბოლოდ განიხილავდა როგორ საერო, ისევე საასულიერო პირები. მზის სხივებით გაცისკროვნებულ ყვავილს, რომელიც ევროპის კონტინენტზე პირველად XVI საუკუნეში იქნა შემოტანილი მესოამერიკიდან, თან ისეთივე ლამაზი ლეგენდაც ჩამოჰყვა, როგორიც თავად გახლავთ. და რაღა თქმა უნდა, ეს ძველი ლეგენდა „მზის ყვავილის” წარმოშობას უკავშირდება.
ადრეულ ეპოქებში მექსიკის ერთ ლამაზ სოფელში პატარა გოგონა, სახელად – შოჩიტლი ცხოვრობდა. მისი სახელი ადგილობრივთა ენაზე – „ყვავილს” აღნიშნავდა. გოგონას იმდენად უყვარდა მზე, რომ აისიდან დაისამდე გამუდმებით მის ბრწყინვალე სხივებში იყო გახვეული. მზეც ყოველდღე ჩნდებოდა ცის კაბადონზე და განუზომელ ნეტარებას ანიჭებდა პატარას. ის კი არა და, გოგონას თვალს რომ არ მოშორებოდა, ღრუბლებსაც არ ეფარებოდა. ასე ერთგულად მეგობრობდა დიდი ხნის განმავლობაში პატარა გოგონა და დიდი მზე. თუმცა მათ მეგობრობას თან ერთი უბედურება მოჰყვა თან: გვალვებმა სრულად გაანადგურა მოსავალი და მოსახლეობა შიმშილის ზღცარზე დადგა. ხალხი ღმერთებს წვიმას შესთხოვდა, მაგრამ ამაოდ.
მიუხედავად მზის უდიდესი სიყვარულისა, გაუბედურებული ხალხის ბედით შეწუხებული გოგონა ერთ დღეს მაინც გაემართა მზის ღმერთის ტაძარში და მზეს ღრუბლებში გაუჩინარება შესთხოვა. მზის ღმერთმა ტონეტიუმ თხოვნა შეისმინა. მოვიდა ასე ნანინანატრი წვიმა. ხალხმა ამოისუნთქა. სამაგიეროდ, მზის გაუჩინარებით შეწუხებული გოგონა ჩამოახმო დარდმა და ნაღველმა. და სწორედ ამ დროს ჩაესმა მას ტონეტიუს ღვთაებრივი ხმა, რომელმაც მას მიუთითა ის წმინდა ადგილი, სადაც მუდმივად მზე იყო და ყოველთვის ხარობდა ყვავილები. წმინდა ადგილას ჩასულ გოგონას, რომელიც მალე „მზის ყვავილად” გადაიქცა, – „შოჩიტლ-ტონეტიუ” უწოდეს. ამიტოამც იშლება იგი მზის ყოველი გამოჩენისას და ამიტომაც აქვს თავი ყოველთვის მზის მხარეს მიქცეული. – (ავტორი გენია.ჯი)